“საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს” – ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის, მამა ანდრია ჯაღმაიძეს განცხადებით, საპატრიარქო მამა გიორგი მამალაძის მიმართ შუამდგომლობას აღძრავს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული შენდობას ითხოვს და დანაშაულს აღიარებს.

მამა ანდრიას თქმით, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი და ის ხალხი, რომლებიც მათ უდგანან გვერდით ეკლესიის წინააღმდეგ, დაწყებულ კამპანიას უწყობენ ხელს.

“სამწუხაროდ, მამა გიორგი მამალაძეც და მისი ოჯახის წევრებიც, ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას. რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს. ეს პრინციპი კვლავაც შეუცვლელია,” – განაცხადა მამა ანდრიამ.

მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალების მოთხოვნას ფონად გასდევს ცილისწამება, დეზინფორმაცია და მუქარა.

“ახლა უკვე ვხედავთ გაშლილ კარავს და ეს ხდება იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, რომლისგანაც თხოულობენ შუამდგომლობის დაყენებას” , – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი თემები