საპატრიარქო ნარკოტიკებით მოვაჭრეებისთვის უმკაცრესი ზომების მომხრეა   

„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან“ – ეს იყო ერთ-ერთი მძიმე თემა, რომელიც სინოდის სხდომაზე განიხილეს.

სინოდის წევრებმა ქვეყანაში არსებული ნარკომანიისა და ნარკოტიკების პრობლემაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ კანაფის დამზადების ნებართვა ნრკოვაჭრობის ლეგალიზებას ნიშნავს,  რაც ქვეყანისთვის დამღუპველი იქნება.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული სინოდის ოქმის მიხედვით, ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულ პირთა პატიმრობას, თუმცა,  სკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფრთხის შემცველად აფასებენ.

„საკონსტიტუციო სასამართლოში იხილება სარჩელი ნარკოტიკული ნივთიერების, მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე, რაც ფაქტობრივად ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს. ეს ლოგიკურად აყენებს ამ ნარკოტიკის მოპოვების ლეგალური გზების მოძებნის საკითხს და ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანას (კანაფის) ლეგალური ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია“ – ნათქვამია სინოდის ოქმში.

სხდომაზე ნარკოტიკებით მოვაჭრეებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათ მიმართ სამართლებრივი ზომები უკმაცრესი უნდა იყოს:

„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან და სახელმწიფოს მხრიდან  შემდეგი ნაბიჯების გადადგმასთან (რაც ადრე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშიც დაფიქსირდა):

ა) ქვეყანაში დროულად უნდა შეიქმნას სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები;

ბ) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

გ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება;

დ) გამკაცრდეს ზომები ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებასთან მიმართებაში;

ე) ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა  განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი.

ასევე სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა, რომ შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი  პოზიციის შესამუშავებლად“.

 

მსგავსი თემები