საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ. შესაბამისად, ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საპატრიარქოში ასევე აცხადებენ, რომ გადაამოწმეს რუმინეთის ეკლესიაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გაიცა, რაც არ დადასტურდა.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან – კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტსივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა. ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით სასურველია, კვირას, 1 მარტს, შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში შედგეს ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა.
თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის მსახურება დაიწყება საღამოს, 18:00 საათზე; მისი დასრულების შემდეგ კი კმევით, სახარების, ჯვრების, ხატების შემოტარებით აღესრულება ლიტანიობა და ნაკურთხი წყლით ხალხის დალოცვა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მსგავსი თემები