„საპატრიარქოს დაგეგმილ კონცერტში მომღერალთა ნაწილმა თავი შეიკავა“ – დეკანოზი

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ დეკანოზმა გიორგიმ ისაუბრა.

დეკანოზმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კონცერტში მონაწილეობაზე მომღერალთა ნაწილმა უარი თქვა, თუმცა, ამაში შეურაცხმყოფელს და სალანძღავს ვერაფერს ხედავს.

„კონცერტის მონაწილეებთან დაკავშირებით იყო გარკვეული ორაზროვნება. ნაწილი იღებს მონაწილეობას ამ კონცერტში, ნაწილმა გარკვეული მიზეზების გამო თავი შეიკავა მონაწილეობისგან. მათ თავიანთი მიზეზები აქვთ. ვინც კონცერტში მონაწილეობაზე, თავიანთი პირადი მოსაზრებების გამო თავი შეიკავა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან შეურაცხმყოფელი შეფასებები გაისმა, რაც მორწმუნე ქრისტიანს არ შეეფერება.”

დეკანოზის განცხადებით, თუ ჩვენ ადამიანები არ გვიყვარს, ჩვენი ქრისტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება: „ეკლესია და მე, როგორც რიგითი სასულიერო პირი, ყოველთვის მოვუწოდებ ადამიანებს სიყვარულისკენ, ვინც არ უნდა იყოს ის. მაცხოვარს არ დაუკონკრეტებია, გიყვარდეს ის ადამიანი, მაგრამ შეიძულე მეორე ადამიანი. მან თქვა ერთი რამ – გიყვარდეს მოყვასი შენი, გიყვარდეს ადამიანი. ეს არის ქრისტიანის პირველი დანიშნულება და თუკი ჩვენ არ გვიყვარს ადამიანები, ჩვენი ქრისტიანობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“.

მსგავსი თემები