საპატიო თბილისელი წელს 15 ადამიანი გახდა

​საპატიო თბილისელი წელს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანი გახდა.
საპატიო თბილისელის წოდება მიიღეს: ფილოლოგმა და რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, კოსმოსური ობიექტების კონსტრუქტორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა, ჯაზშემსრულებელმა გიული ჩოხელმა, მოცეკვავე და ქორეოგრაფმა თენგიზ უთმელიძემ, ავტოინჟინერმა გაიოზ კანდელაკმა, არქიტექტურის მკვლევარმა მაია მანიამ, ონკოლოგმა კონსტანტინე მარდალეიშვილმა, გეოლოგმა ნოდარ ცერცვაძემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ, პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურიმ, მომღერალმა ქეთი მელუამ, მოცეკვავე და ბალეტმაისტერმა მიხეილ ბარიშნიკოვმა, დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ, კომპოზიტორმა და პიანისტმა ნიკოლოზ რაჭველმა.

“39-ე წელია, რაც ჩვენი დედაქალაქი თბილისობას აღნიშნავს. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, ის განსაკუთრებული სითბო, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, რაც აქ ტრიალებს, მთელი წლის განმავლობაში იგრძნობოდეს ჩვენს ქალაქში. თბილისი მდიდარია თავისი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით, რითაც სამართლიანად ვამაყობთ. ასევე, მდიდარია წარმატებული ადამიანებით, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მის განვითარებასა და წინსვლაში. ადამიანებს, რომლებსაც დედაქალაქისა და საქართველოს წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით, ტრადიციულად, საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალი საზეიმო განწყობით წელს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ცნობილი სიმღერით „თბილისო“ და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

მსგავსი თემები