საპარლამენტო უმრავლესობა “კონსერვატორებმაც”დატოვეს

საპარლამენტო უმრავლესობის რიგები 6 დეპუტატისგან შემდგარმა “ქართული ოცნება – კონსერვატორების” ​ ფრაქციამაც დატოვა. აღნიშნული ფრაქციის წევრები არიან: გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე.

როგორც ძიძიგურმა განაცხადა, „კონსერვატორები“ არ აპირებენ დარჩნენ იქ, სადაც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.

“პოლიტიკურად და მორალური თვალსაზრისითაც ესაა გაუმართლებელი. მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის რიგების დატოვების და თანამდებობის დატოვების შესახებ და ეს გადაწყვეტილება განაპირობა გუშინდელმა საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშესაც, რომ ჩვენ ასეთი ტიპის ცვლილება განვახორციელეთ. ჩვენი იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც საქართველო ბოლო 8 წელია იმყოფება, შეიცვლებოდა პოლიტიკური ცვლილებით, დივერსიფიკაცია მოხდებოდა პოლიტიკურ მინდორზე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემოდა შესაძლებლობა, მომხდარიყო მრავალფეროვნების წარმოშობა. ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა. იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ვჭირდებოდით – ბოდიში თქვენთან ყველასთან, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, რომლებმაც გადაწყვიტეს მხარი არ დაეჭირათ საკონსტიტუიციო ცვლილებისთვის. ჩვენ, „კონსერვატორებს“ არც ერთხელ არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის, არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დავზარალებულვართ პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა

გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობა სულ 14-მა დეპუტატმა დატოვა.

“კონსერვატორებთან” ერთად უმრავლესობა დატოვეს: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.

მსგავსი თემები