საპარლამენტო კომისიამ ახალი ვერაფერი თქვა – ირაკლი სესიაშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ვერაფერი გააკეთა გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნა დადო.

​მისი აზრით, პროკურატურამ უნდა განაგრძოს მუშაობა და ჭეშმარიტება მოჰფინოს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რადგან არ ეგულება ადამიანი, ვისაც არ სურდეს ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა.

ირაკლი სესიაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ უკვე დაპატიმრებულების გარდა თუ არსებობენ ადამიანები, ვინც მონაწილეობდა მკვლელობაში, მათ ასევე პასუხი უნდა აგონ.

“პროკურატურის მიმართ არ ჰქონდა ნდობა გარკვეულ პირთა ჯგუფს, ამიტომ შეიქმნა საგამოძიებო კომისია, ამიტომ დაუთმო „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა საგამოძიებო კომისიას. საგამოძიებო კომისიამ როგორ იმუშავა, კარგად დავინახეთ. ფაქტობრივად, გარდა პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნისა, მათ ახალი ვერაფერი თქვეს. სამწუხარო რეალობაა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მიჩნევს, რომ აქ კიდევ საჭიროა პროტესტი, მას ამას  ვერავინ აუკრძალავს, ჩვენთვის მთავარია, რომ პროკურატურამ გააგრძელოს მუშაობა და ჭეშმარიტება მოჰფინოს ამ საქმეს“,– აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

მსგავსი თემები