“საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ვითარებას” – სუს-ის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გადაადგილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.   

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებენ, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დასტურდება. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მათივე შეფასებით, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხო გარემოს.  

აღსანიშნავია, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის – “ძალა ერთობაშია”, დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ხურვალეთში, რუსი სამხედროები შემოვიდნენ და ტერიტორიები დაიკავეს.  

მსგავსი თემები