“სანამ მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებ, ჯერ გირგვლიანის საფლავზე გაიარე” – გოგა ხაინდრავა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია სასულიერო პირების მხრიდან პოლიტიკური განცხადებები და, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, პატიმრობაში მყოფ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, ჯერ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მოკლული ადამიანების საფლავზე გაიაროს.

​გოგა ხაინდრავა ეჭვქვეშ აყენებს მღვდელმთავარ ნიკოლოზის ერთგულებას ეკლესიისა და მრევლის წინაშე და მას ურჩევს, სანამ “ნაციონალური მოძრაობის” შს მინისტრს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, მივიდეს გია წკრიალაშვილის სახლში, რომელიც ერთ-ერთია იმ “ორი გვამიდან” რომელსაც ვანო მერაბიშვილი ითხოვდა. “ავიდეს მის საფლავზე, იქიდან რომ გავა სანდრო გირგვლიანის საფლავზე და ირინა ენუქიძის საფლავზე გაიაროს და მერე დაფიქრდეს, პოლიტპატიმარია თუ არა ვანო მერაბიშვილი”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

​მისივე თქმით, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა მღვდელმთავრის მხრიდან ასეთი განცხადებების მოსმენა.

“ეს არის სანდრო გირგვლიანის ხსოვნის და ყველა იმ გაწამებული ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც იტანჯებოდა სააკაშვილის და მერაბიშვილის მიერ შექმნილ ციხეებსა და საპატიმროებში. ეს არ არის რელიგიური თემა, რაც იცი ის ილაპარაკე, ილაპარაკე “ამბიონიდან”, შენი მრევლის სულიერ მკურნალობაზე იფიქრე და პოლიტიკურ განცხადებებს ნუ აკეთებ, იმიტომ, რომ ასეთი განცხადებები ეჭვქვეშ აყენებს შენ ავტორიტეტს შენსავე მრევლში. არასოდეს მივცემ თავს უფლებას ჩავერიო რელიგიურ საკითხებში, მაგრამ მღვდელმთავარი ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმარს რომ უწოდებს, ეს ჩემში პროტესტს იწვევს”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი მღვდელმთავარს მის მიერ გაკეთებული განცხადების იმ ნაწილის გამოც აკრიტიკებს, სადაც სასულიერო პირმა განაცხადა, რომ საქართველოს დატოვებს თუ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდება.

” მიხეილ სააკაშვილი რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი და ვანო მერაბიშვილის შს მინისტრი, ახალაიები რომ დაძრწოდნენ და ადამიანებს სისხლში ახრჩობდნენ, ბავშვების ქუჩაში გაშვება რომ გეშინოდა და ათასობით ადამიანი აწამეს ციხეებში, მაშინ უხიფათო იყო საქართველოში ცხოვრება და სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ქმნის ისეთ ხიფათს, რომ საქართველოს დატოვება გინდა? მრევლზე ხომ უნდა იფიქრო, რაღაცას როცა ლაპარაკობ, ის ადამიანები უტვინოები კი არ არიან. ​დაანებეთ პოლიტიკურ განცხადებებს თავი, მრევლს მიხედეთ, რწმენას მიხედეთ, მის გაძლიერებას მიხედეთ, მე ეჭვის ქვეშ ვაყენებ მათ ერთგულებას ეკლესიის წინაშეც და მრევლის წინაშეც”, – აცხადებს ექსმინისტრი გოგა ხაინდრავა.

მსგავსი თემები