სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს

სამხრეთ კორეაში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა. მიზეზი კორონავირუსის სწრაფად გავრცელებაა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო და ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო დღეები სამხრეთ კორეისთვის გადამწყვეტი იქნება.

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს.

„ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე.

ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას.

ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები“,- აღნიშნულია კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები