“სამხედროები არაფერ შუაშია, ჰააგაში პასუხი მთავარსარდალმა უნდა აგოს” – ემზარ კვიციანი 

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტული ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოში ქართველი სამხედრო პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, რადგან ყველა სამხედრო, მათ შორის, გენერალური შტაბის უფროსი ვალდებულია, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება შეასრულოს, მაშინაც კი, თუ ამ ბრძანებას არ ეთანხმება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ემზარ კვიციანმა განაცხადა, 2008 წელს დანაშაული ჩაიდინა ექსპრეზიდენტ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ, როდესაც კონფლიქტის ზონაში მყოფ რუს მშვიდობისმყოფელებს მანდატი 6 თვით გაუგრძელა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ დაძინებულ ცხინვალზე იერიში მიიტანა.

​ემზარ კვიციანის შეფასებით, ამით სააკაშვილმა რუსეთს, ცხინვალში საბრძოლო მოქმედებების წარმოების ლეგიტიმური უფლება მისცა.

“როდესაც სააკაშვილმა, ერთი კვირით ადრე, რუსეთის მშვიდობისმყოფელებს მანდატი 6 თვით გაუგრძელა, ამით რუსებს იქ მოქმედების ლეგიტიმაცია დაუტოვა. მათ სამშვიდობო მისიის  შესრულების საერთაშორისო ვალდებულება ჰქონდათ.  შენ მიდიხარ და ბომბებს უშენ. რისი მაჩვენებლია ეს, თუ არა ღალატის. ამიტომ შემოჯლიგინდნენ სირბილით წასული ბაზები უკან და ამიტომ ხდება ეს ყველფერი”, – აცხადებს ემზარ კვიციანი.

მისი აზრით, უნდა არსებობდეს კანონი, რომ ჯარისკაცებს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა, როდესაც ის არ შეასრულებს “გამყიდველი” უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას.

“ამიტომ ვითხოვ “უკანონო ბრძანების შესახებ” კანონის მიღებას, რომ ასეთი ბრძანების არშესრულებისთვის სამხედრო არ დაისაჯოს. კონსტიტუციის თანახმად ყველა ვალდებულია  დაიცვას  თავისი ქვეყნის ტერიტორია და არც ერთი გოჯი არ გადასცეს მოწინააღმდეგეს. როდესაც, რამდენიმე ათეული კილომეტრით უკან დახევას გიბრძანებენ, ამ ბრძანების შეუსრულებლობისთვის ოციფერი არ უნდა ისჯებოდეს.  პირადად მე, როცა ბრძანება უკანონოდ ჩავთვალე, ინდივიდუალურად მივიღე გადაწყვეტილება, ამით აფხაზეთის მთელი ტერიტორიის 30% შევინარჩუნეთ წლების განმავლობაში. როცა ხედავ, რომ ბრძანება ღალატობრივია და ამით შეიძლება შენმა ქვეყანამ ტერიტორია დაკარგოს, ეს  ბრძანება უკანონოა”, – აცხადებს ემზარ კვიციანი.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გაურიგდა რუსეთს, რომ ჩააბარებდა ტერიტორიებს, რომელზეც ძალიან დიდი მოწადინება არსებობდა და არა მარტო რუსეთის მხრიდან.

მსგავსი თემები