„სამწუხაროდ, ჩემი შვილი შეეწირა ამ თამაშს. არ უნდა გავჩერდეთ“ – „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლის დედა

„2017 წელს, სამწუხაროდ, ჩემი შვილი შეეწირა ამ თამაშს. არ უნდა გავჩერდეთ. მადლობა ღმერთს, რომ ამ ბოლო დროს, ბევრი თვითმკვლელობა არ ყოფილა, რომელიც უკავშირდება ამ თამაშს. არ უნდა მოვდუნდეთ. გამოსავალი რეალურია. ყველა მოზარდს შეუძლია, თამაშიდან გამოსვლით მოაგვაროს ეს საკითხი და გადაირჩინონ სიცოცხლე. ეს გზავნილი კარგადაა ფილმში გადმოცემული“ – ეს განცხადება ე.წ. მკვლელი თამაშის ერთ-ერთი მსხვერპლის დედამ, ნანა ბერძენიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

შვილმკვდარი დედა სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს შემოქმედებით ჯგუფს, რომელმაც „ლურჯ ვეშაპზე“ ფილმი გადაიღო, რომელიც პრევენციას და პრობლემიდან ტავის დაღწევას ეხება.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლევანს და მთელ ჯგუფს, ვინც ამ ფილმზე მუშაობდა. ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში შეიქმნა უპრეცედენტო პროექტი ამ პრობლემასთან საბრძოლველად. ის გზავნილი, რაც ფილმშია თავმოყრილი, ყველა მოზარდამდე უნდა მივიდეს,  ამ თხუთმეტწუთიანი მხატვრული ფილმით უფრო მარტივი იქნება აუდიტორიის მოცვა. პრობლემა რეალურია და უკვე დიდი ხანია მსოფლიოში და მათ შორის საქართველშიც მძვინვარებს“ – განაცხადა „მკვლელი თამაშის“ მსხვერპლის დედამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ნანა ბერძენიშვილი საკუთარ სათქმელს, რაც ფილმშია მოცემული, დედებასც უგზავნის.

„ძირითადი სათქმელი მშობლებთან არის ის, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა დავიჯეროთ, რომ ეს არ არის ურბანული მითი. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს იმის დაჯერება, რომ ვინმე ე.წ. მენტორი დაინტერესებული შეიძლება იყოს მათ შვილთან უშუალო კონტაქტით და თვითმკვლელობამდე მიყვანით. პირველი და მნიშვნელოვანი – დავიჯეროთ, რომ „ლურჯი ვეშაპი“ არის რეალური. მეორე არის რამედნიმე ნიშანი, რომელიც გვეხმარება იმის ამოცნობაში, ბავშვი არის თუ არა ჩართული თამაშში – ესაა ჩაკეტილობა, ინტერესის გაქრობა ყველაფრის მიმართ, ტანისამოსის სტილის შეცვლა. უფრო ხშირად დახურულ ტანსაცმელს იცვამენ,  რადგან თვითდაზიანებები აქვთ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ასევე,  არანორმალური მიჯაჭვულობა ტელეფონთან მიმართებაში. ბავშვი ტელეფონის ჩამორთმევას აპროტესტებს, ღამის საათებშიც კი. თუკი მშობელი დაინახავს ამ ნიშნების ერთობლიობას, უნდა ატეხოს განგაშის ზარი. ეს შეიძლება ყველა შემთხვევაში არ უკავშირდებოდეს „ლურჯ ვეშაპს“, თუმცა ამ ფაქტორების ერთობლიობა შეიძლება მიგვითითებდეს იმისკენ, რომ ბავშვი ამ საზარელ თამაშშია ჩართული“ – განაცხადა ნანა ბერძენიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

 შეგახსენებთ რომ სცენარისტმა და რეჟისორმა ლევან გაბაძემ „ლურჯ ვეშაპზე“ ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერაც მალე შედგება.

მსგავსი თემები