სამშენებლო წესების დარღვევისთვის თბილისში, 1 250 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა 

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, 47 მისამართზე დაიწყო საქმის წარმოება და სხვადასხვა სახის სამშენებლო დარღვევებზე 21 მარტიდან დღემდე, 1 მილიონ 250 ათასი ლარის ჯარიმა გამოიწერა. მათ შორის, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე რეაგირება მოხდა 13 ობიექტზე, ჯარიმის ოდენობამ კი 390 000 ლარი შეადგინა.  

გარდა ამისა, პროექტის დარღვევის გამო დაჯარიმდა 11 ობიექტი – სულ 160000 ლარი; შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის გამო გამოიწერა 5 ჯარიმა – ჯამში 250 000 ლარი; ხოლო სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობების გამო ჯარიმების საერთო ოდენობაა 450 000 ლარი.​

​დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო შეაფასა და სამშენებლო კომპანიებს მოუწოდა, კანონზე მაღლა ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს, დაიცვან  როგორც მათ ობიექტებზე დასაქმებული ადამიანების, ისე მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.
კალაძის თქმით, არ უნდა განმეორდეს ყიფიანის ქუჩის მსგავსი ფაქტები, სადაც დღეს, კლდის მასა ჩამოიშალა.   

“ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ არსებული მდგომარეობის გამოსწორება, მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, რომ მათ კონკრეტულ ობიექტებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული, ასევე, მიმდებარე ტერიტორიებზე. რაც დღეს მოხდა ყიფიანის ქუჩაზე, მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახურის გაძლიერებისა და მისი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაწყებულია მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება და ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.

  

მსგავსი თემები