სამოქალაქო საზოგადოება კონსორციუმს მიმართავს, ანაკლიის პორტის მშენებლობა სახალხო პროექტად გადაიქცეს

დოკუმენტს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გაუგზავნეს 30 ხელმოწერა აქვს. ხელმომწერები ითხოვენ, მთავრობამ და კონსორციუმმა, მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ახალი მექანიზმების შექმნის საკითხი განიხილოს.

დოკუმენტის ტექსტში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ორპუნქტიან მოთხოვნაზე:

1. საქართველოს ხელისუფლებამ, დაიწყოს დისკუსია ანაკლიის სტატუსის განსაზღვრის, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და მიღებისთვის; 2. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, განიხილოს ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ახალი მექანიზმების შექმნის საკითხი.

რაც შეეხება ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობას, დოკუმენტში ვკითხულობთ:

„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის არსებობა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებას, გააუმჯობესებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, გააჩენს სტიმულსა და შესაძლებლობებს ინვესტიციების მოსაზიდად და ბიზნესის განსავითარებლად.

ანაკლიის პროექტის განვითარება საქართველოს ახალ ფუნქციას შესძენს რაც იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება და ექნება შერიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესზე დადებითი გავლენის მოხდენის პოტენცია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის და მისი განხორციელების მხარდაჭერის დასტურია საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორების ბოლო დროინდელი საჯარო განცხადებები თუ საქმიანობა.

ანაკლიის პროექტი განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც მისი მდგრადობისთვის და ცვლილებებისადმი მედეგობის გასაზრდელად საჭიროა საზოგადოების ფართო კონსენსუსი – კონსოლიდაცია, გამჭვირვალობა და ინკლუზიური პროცესის წარმართვა. პროექტის განვითარების ამ ეტაპზევე საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარება, რაც უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების და ოპერირების დაწყების შემდგომ მობილიზებული გადასახადებით ცხოვრების დონის გაუმჯობესებასაც და გადაწყვეტილებების ადგილზე მიღებასაც. ეს საჭიროებს ანაკლიის სტატუსის განსაზღვრას საკანონმდებლო აქტით.

ანაკლიის სტატუსის განსაზღვრის გარდა აქტუალურია ხელისუფლების მიერ კონსტიტუციაში ჩამოყალიბებული ვალდებულების შესრულებისთვის საზოგადოების ჩართულობით დისკუსიის დაწყება ანაკლიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის განსაზღვრისთვის და შესაბამისი კანონის მისაღებად.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის და ოპერირებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საქმიანობაში, რომლის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება გახდეს აქციების ემისია, საქართველოს მოქალაქეებისთვის შეძენის შესაძლებლობის მიცემა და თანამშრომლობა სააქციო საზოგადოების განვითარების ფორმატში“.

დოკუმენტს ხელს აწერენ როგორც ორგანიზაციები, ისე უფლებადამცველები, იურისტები, ექსპერტები და ეკონომისტები.

მსგავსი თემები