სამინისტროებში თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება – ზვიად ძიძიგური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ სამინისტროების შემცირება არ გულისხმობს თანამშრომლებისა და ხარჯების შემცირებას, რადგან რამდენიმე სამინისტროს შესაძლო გაერთიანებით არ შემცირდება მათი ფუნქციები.

როგორც ზვიად ძიძიგურმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, სამინისტროების რიცხოვნობის შემცირება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის დღეს, რამდენადაც ის, რომ სახელმწიფო უწყებები გახდეს უფრო მობილური, მოსახლეობამ გაუმჯობესებული სერვისები მიიღოს და დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა.

მისივე განმარტებით, სამინისტროების გაერთიანებაზე კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და კონსულტაციები შესაძლოა 2-3 დღის ვადაში დასრულდეს.

“კონსულტაციები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუ რომელი სამინისტრო რასთან გაერთიანდება. რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევრამდე თუ შემოვა, პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, რომ კანონპროექტი საპარლამენტო კომიტეტებში გადანაწილდეს და მომდევნო კვირაში უკვე შესაძლებელი იქნება დაიწყოს მსჯელობა კანონპროექტზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება საკადრო თემებზე გადაწყვეტილების მიღება”, – აცხადებს ძიძიგური.

მისივე თქმით, როგორც კი დასრულდება სამთავრობო რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, გაგრძელდება კონსულტაციები ნარკოპოლიტიკის თემაზე.

მსგავსი თემები