სამედიცინო ნაგავი ეპიდემიისა და ინფექციების წყაროა, საშიში ნარჩენები ნაგვის ბუნკერებში არ უნდა მოხვდეს

სამედიცინო კლინიკები ვალდებულები არიან, სამედიცინო ნარჩენები დაახარისხონ და მისი წარმოქმნიდან განადგურებამდე აკონტროლონ, რომ ის ნაგვის ბუნკერებში არ მოხვდეს და ეპიდემიის წყარო არ გახდეს. ამ მხრივ, რა ვითარება გვაქვს ქვეყანაში და რამდენად იცავენ კლინიკები არსებულ სტანდარტებს, ეპიდემიოლოგმა, იაშვილის კლინიკის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ლელა წაქაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა.

ლელა წიქაძეს განცხადებით, კლინიკების პასუხიმგებლობა დგება სამედიცინო ნარჩენის წარმოქმნიდან, მის განადგურებამდე. მისი თქმით, ნარჩენის წარმოქმნის მომენტიდან, კლასიფიკაციის მიხედვით უნდა მოხდეს მისი განთავსება სპეციალურ კონტეინერებში, რომელიც, შემდგომ, ინსენერატორში ნადგურდება.

“კლინიკების პასუხისმგებლობა იწყება, სამედიცინო ნარჩენის წარმოქმნისთანავე. მთავარია, რომ ნარჩენის სეგრეგაცია მოხდეს კლინიკაში სწორად. მისი დახარისხება  უნდა მოხდეს წარმოქმნის ადგილის მომენტში და არა შემდგომში. სამედიცინო დაწესებულება, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კომპანიას, რომელსაც გააქვს ნარჩენი გაუნებელყოფის საბოლოო ადგილამდე, ამას წესების სრული დაცვით აკეთებს, ისე, რომ არ იყოს დამაბინძურებელი მისი ფერფლიც კი,” – განაცხადა ლელა წიქაძემ.

2017 წლის 20 ივნისის ტექნიკური რეგლამენტით, ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, დაწესებულების შიგნით წარმოქმნილი ნარჩენების კლასიფიკაცია, მათი დროებითი შენახვა განკარგვა და წარმოქმნის ადგილიდან გატანა უზრუნველყოს.

ეპიდემიოლოგის განცხადებით, თითოეული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, რომ დაწესებულების შიგნით წარმოქმნილი სამედიცინო ნარჩენები გაყოს ორ ძირითად ჯგუფად – სარისკო და არასარისკო ჯგუფად: „თუ ამ წესების დაცვა არ მოხდა და სახიფათო სამედიცინო ნარჩენი მოხვდა ნაგვის ბუნკერში, სადაც არასახიფათო ნარჩენები იყრება, ეპიდემიის ​საფრთხე შეიძლება არსებობდეს როგორც დაწესებულების შიგნით, ასევე დაწესებულების გარეთაც. ნარჩენი, არასწორად შენახვის შემთხვევაში, დაწესებულების შიგნით, პოტენციურად  საფრთხის შემცველია. ნებისმიერი პაციენტი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში ხვდება, მიუხედავად იმისა, ვიცით თუ არა მისი ზუსტი დიაგნოზი, პოტენციურად, ყველა განიხილება საფრთხის შემცველად. პაციენტის ნარჩენი, რომელიც იქნება სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებაში, აუცილებლად უნდა განთავსდეს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შესაბამისი ნარჩენების კონტეინერში, რომელიც დიფერენცირებულია  ფერის მიხედვით. ყვითელი ფერი კი ინფექციურ ნარჩენებს აღნიშნავს“.

რაც შეეხება სპეციალურ კონტეინერებს, რომლითაც სახიფათო ნარჩენები კლინიკიდან გადის, რიგი ინფექციური დაავადების შემთხვევაში, თავად კონტეინერიც ნადგურდება და კლინიკას უკან არ უბრუნდება.

„ქვეყანაში არსებობს რამდენიმე ინსენერატორი, სადაც მსგავსი სახიფათო ნარჩენები ნადგურდება, სპეციალური წესით დამუშავებული კონტეინერი კი კლინიკას უკან უბრუნდება შემდგომი გამოყენებისთვის, თუმცა, გარკვეული ინფექციური დაავადების დროს, მაგალითად ყირიმ-კონგოს დაავადების შემთხვევაში,  სამედიცინო ნარჩენები კონტეინერიანად ნადგურდება“- განუცხადა ლელა წიქაძემ  “მედიაცენტრ მთავარს”.

კითხვაზე, წელიწადში ქვეყნის მასშტაბით რა რაოდენობის სამედიცინო ნარჩენები გროვდება, ეპიდემიოლოგმა გვიპასუხა, რომ საერთაშორისო სტანდარტებით, სამედიცინო ნარჩენი, საერთო ნარჩენების 15-20%-ია, რაც საკმაოდ დიდი ნაწილია.

მსგავსი თემები