სამეგრელოს რეგიონში თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობ-სასაწყობო  საწარმო ამოქმედდა. 

საწარმოს თხილის საშრობის წარმადობა 1 000 ტონას, ხოლო შესანახი მეურნეობის – 500 ტონას შეადგენს. საწარმოში მუდმივად 17 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. თხილის საშრობ-სასაწყობო ახალი საწარმო სამეგრელოს რეგიონში,  ყოველწლიურად, დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება. იგეგმება წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაც. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, რეგიონში თხილის გამრჩევი, საშრობი და სასაწყობო (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. აღნიშნული სერვისი თხილის მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ  მაღალი ხარისხისა და შესაბამისად, მაღალი ღირებულების მოსავალი. 

„სოფელ კოკში გახსნილი ახალი საწარმო სახელმწიფოს, დონორ ორგანიზაციებს და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ფერმერებისა და მწარმოებლების მხარდაჭერას. გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც გადამმუშავებელი წარმოების განვითარებას ემსახურება“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ახალი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, AgriGeorgia/Ferrero-სა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით შეიქმნა. ჯამური ინვესტიცია შეადგენს 770 000 ლარს,  საიდანაც 285 000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა დონორებისა და ბენეფიციარის წილია.

მსგავსი თემები