სამების ტაძრის მიმდებარედ ძველი სახლები, შესაძლოა, თბილისის მერიამ შეისყიდოს

 

თბილისის მერია, სამების საკათედრო ტაძართან მისასვლელი გზისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მუშაობს. ტურისტულად დატვირთული და მიმზიდველი ტერიტორია დღეს მოუწესრიგებელია, მერია ტაძრამდე მისასვლელი გზის გაფართოებაზე და იქ არსებული ძველი კერძო სახლების შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ძველი თბილისის განვითარება პრიორიტეტულია. სამების ტაძრამდე მისასვლელი გზის გაფართოება კი – აუცილებელი, ამიტომ, დამატებითი თანხების მოსაზიდად, დედაქალაქის მთავრობა მოლაპარაკებებს მართავს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან.

„ რა შესაძლებლობაც ბიუჯეტით გვქონდა, პროექტების განხორციელება უკვე დავიწყეთ. ასევე, მოლაპარაკებები გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომ დამატებითი თანხები მოვიზიდოთ, რითაც შევძლებთ, უფრო მასშტაბური და მოცულობითი პროექტები განვახორციელოთ. სამების მიმდებარე ტერიტორია ტურისტული და ყველანაირი თვალსაზრისით საინტერესო ადგილია. თუმცა, მისასვლელი გზები სერიოზული პრობლემაა. არ გამოვრიცხავ, შენობა-ნაგებობების, სახლების გამოსყიდვა მოგვიწიოს იმისათვის, საკითხი დამუშავების პროცესშია,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

​დედაქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, ავლაბარში, მწვავე ავარიულ მდგომარეობაში 175 სახლია, რომელთა უმეტესობა გამაგრებას აღარ ექვემდებარება. ძველი თბილისის ამ ტერიტორიით ხშირად ინტერესდებიან კერძო კომპანიები, მაგრამ მოსახლეობასთან ფასის საკითხში ვერ თანხმდებიან.

ავლაბარში ძირითადად ძველი თბილისური ეზოებია და ხშირად, ერთ პატარა ეზოში ბევრი სულია ჩაწერილი, რის გამოც, ვერ ხერხდება ყველა მობინადრესთან შეთანხმება. ავარიული სახლების უმეტესობა კერძო საკუთრებაა.

​ავლაბარში არსებული ავარიული სახლებიდან, ისნის გამგეობას ამ დროისთვის უკვე 77 ოჯახზე მეტი ჰყავს იძულებით გაყვანილი, რომლებსაც ბინის ქირას ქალაქის მთავრობა უხდის.

 

 

 

 

 

 

 


ფოტო: ანი ნიქაბაძე

მსგავსი თემები