„სამგორის მოსახლეობა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია“ – შოთა ხაბარელი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ მისი ამომრჩეველი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია.

როგორც ხაბარელმა „მთავართან“ საუბრისას განმარტა, მოსახლეობასთან შეხვედრისას მას არ სჭირდება ახსნა-განმარტებები და დარწმუნება თუ რატომ უნდა გაკეთდეს არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე.

„სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრა ინტენსიურ რეჯიმში გრძელდება და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები არიან. მოსახლეობა არსებულ რეალობას თავად აფასებს, მათთვის სრულიად ნათელია, რომელი კანდიდატია საქართველოსთვის მისაღები და რომელი – პირიქით. შესაბამისად, დიდი განმარტებები და დარწმუნება არც არის საჭირო ვის რატომ უნდა დაუჭირონ მხარი. ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილები. მათ უნდათ განვითარება და პოზიტივი და არა ქვეყნის უკან სვლა. შესაბამისად, ათვითცნობიერებენ, ამ გზაზე რომელი კანდიდატი წაიყვანს ჩვენს ქვეყანას. სალომე პირველ რიგში არის გამოცდილი დიპლომატი და მსოფლიოს დიპლომატიური კორპუსი მას ძალიან კარგად იცნობს და აფასებს. მომავალი პრეზიდენტის მთავარი პოზიტივი და დანიშნულება კი სწორედ დიპლომატიური ურთიერთობების დალაგება და განვითარებაა“ – განუცხადა ხაბარელმა „მთავარს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სამგორში ბოლო პერიოდში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რაც მოსახლეობის განწყობაზეც აისახება.

„ბუნებრივია, არის კითხვები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ბოლო პერიოდში, სამგორში ათეულობით სკვერი და სპორტული მოედანი გაკეთდა. ასევე, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და შესაბამისად, დამოკიდებულება და მოსახლეობის განწყობა პოზიტიურია“ – აცხადებს ხაბარელი.

ამჯერად დეპუტატი ამომრჩევლებს აეროპორტის დასახლებაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.

მსგავსი თემები