სალომე ზურაბიშვილი – 54%, გრიგოლ ვაშაძე – 18%, დავით ბაქრაძე – 16% – “ქართული ოცნების” კვლევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახელისუფლებო პარტიის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად ​საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სამი კანდიდატი ლიდერობს, მიმართ შემდეგი მხარდაჭერა დაფიქსირდა: სალომე ზურაბიშვილი – 30%, გრიგოლ ვაშაძე – 11%, დავით ბაქრაძე – 10% და სხვა კანდიდატები – 7%.

როგორც მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას გამოკითხულთა 42%. ე.წ. ალოკაციის გზით, რომელიც აჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები:  სალომე ზურაბიშვილი – 54%, გრიგოლ ვაშაძე – 18%, დავით ბაქრაძე – 16%.

მდინარაძის განმარტებით, აღნიშნული კვლევა ჩატარდა პარტიის მიერ საარჩევნო კამპანიის სწორად დასაგეგმად, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებლები გაასაჯაროვეს. ​

​მისივე ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. გამოკითხვა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და იგი მოიცავდა დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონს, გარდა ოკუპრებული ტერიტორიებისა, სულ გამოიკითხა 2200 რესპოდენტი.

“გასულ კვირაში დაფიქსირდა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მცირე ზრდა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების მხარდაჭერის მცირე კლება; კვლევა უზრუნველყოფდა შედეგების 95%-იან საიმედოობას, ხოლო ცდომილების ფარგლები იყო 3%. აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას. კვლევა ორგანიზაცია „ფსიქოპროექტმა“ ჩაატარა. ეს არის ორგანიზაცია, რომელთანაც „ქართული ოცნება“ წლების მანძილზე თანამშრომლობს მაღალკვალიფიციური სოციოლოგიური კვლევების ჩასატარებლად. „ფსიქოპროექტთან“ თანამშრომლობა ჩვენ ყოველთვის გვაძლევდა არჩევნების შედეგების სწორად და ზუსტად პროგნოზირების საშუალებას”, – აცხადებს მდინარაძე.

მისივე თქმით, დაფიქსირდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობის რამდენიმეპროცენტიანი კლება.      სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს პირველივე ტურში; მეორე ადგილზე გასვლის კვლავაც თანაბარი შანსი აქვთ გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს.

დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამომრჩეველს არჩევნებში მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები