სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს ბრძოლას მეორე ტურში გამარჯვებისთვის – ანრი ოხანაშვილი  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასა” და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირების არსებობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ აბსოლუტურ დეზინფორმაციაა, თითქოს სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნით ემუქრება.

​მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამ ბრძოლაში უკან არ იხევს და განაგრძობს ბრძოლას მეორე ტურში გამარჯვებისთვის.

როგორც ანრი ოხანაშვილი აცხადებს, არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერი იქნება მობილიზებული და გეგმავენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით დაამარცხონ „ნაციონალურ მოძრაობის” კანდიდატი.

“მიმდინარეობს გუნდის შიგნით ანალიზი. იყო შეხვედრები, არის კომუნიკაცია, ერთად ვფიქრობთ გამოსავალზე. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ეს არის მცდელობა დისონანსი შემოიტანონ, თითქოს ასეთი რაღაც ხდება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატი არჩევნების შემდგომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ საზოგადოების გზავნილი მიღებულია და საჭიროა უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ხალხის მეტად თანადგომა.  2012 წლიდან წარსულს ჩაბარდა არჩევნების გაყალბება და  დღეიდან განაგრძობენ აქტიურ მუშაობას, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერების ნდობა გაამართლონ.

“არასდროს დავუთმოთ ეს ქვეყანა “ნაცებს”-ძალადობას-ბოღმას-ტყუილს-სიბინძურეს! “ნაცებო”! რამის იმედი ხომ არ მოგეცათ? თავის მეტად წამოწევის უფლებას არ მოგცემთ, სამაგალითოდ და სამუდამოდ დაგამარცხებთ მეორე ტურში!”, – წერს ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები