სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები დაესწრებიან

ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში, შესაძლოა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირები და პარლამენტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ. როგორც ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჭვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტუმრების სია შედგენილია, თუმცა ოფიციალურ დადასტურებას დღის ბოლომდე ელოდებიან.

რაც შეეხება ინაუგურაციის დეტალებს, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტის სურვილია, გმირთა მემორიალთან პატივი მიაგოს დაღუპულთა ხსოვნას. ხოლო მთაწმინდის პანთეონის მონახულება პროტოკოლით არის განსაზღვრული.

​პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების დასწრებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისმა რამდენიმე კოლეგამ უკვე მიიღო მოწვევა და დაადასტურეს ჩამოსვლა.

„უკვე დადასტურებული აქვს რამდენიმე პარლამენტის თავმჯდომარეს ჩამოსვლა. გრძელდება მუშაობა, რომ კიდევ უფრო წარმომადგენლობით იყოს დამსწრე პირთა შემადგენლობა. აქედან გამომდინარე ჩვენ გვექნება სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩავატაროთ ეს ღონისძიება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

​შეგახსენებთ, რომ ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება. ინაუგურაციის სამზადისი უკვე დაწყებული, თელავში სამუშაო ჯგუფს ელოდებიან. ამ დროისთვის მუზეუმის ეზოში სცენის მონტაჟი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს. აქვე განთავსდება სპეციალური სივრცე, სადაც მეოთხე პრეზიდენტს მიიღებენ და ასევე განლაგდება საჯარისო შენაერთი. ცნობილია, რომ ფიცის დადების ცერემონიალი სამ საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. რის შემდეგაც უკვე სტუმრების ოფიციალური მიღება წინანდლის რეზიდენციაში გადაინაცვლებს.

მსგავსი თემები