საკუთარი თვალით ვნახე სანაგვეზე გადაყრილი ყალბი პირადობის მოწმობები – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია, ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი – “ქართული ოცნება” არ დაუშვებს იმის განმეორებას, რაშიც ისინი თავიანთ წინამორბედებს, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობას ადანაშაულებდნენ.

როგორც ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2008 წელს, სანაგვეზე გადაყრილი უამრავი საარჩევნო ბიულეტენი და ყალბი პირადობის მოწმობები შეაგროვეს და მტკიცებულებად წარადგინეს, მაგრამ, მაშინ, ამას პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს კი პროკურატურა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და გაყალბების მცდელობის ყველა ინფორმაციაზე რეაგირებს.

ნუკრი ქანთარია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება, მოუწოდებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები წარადგინონ.

“2008 წელს, ჩემი თვალით მაქვს ნანახი სანაგვეზე გადაყრილი ბიულეტენები და ყალბი პირადობის მოწმობები, რომელიც აღარ დასჭირდა მაშინდელ ხელისუფლებას და მოიშორა. პროკურატურას, მაშინ თითიც არ გაუნძრევია. ესენი შევაგროვეთ და მივიტანეთ და არავითარი რეაგირება არ მოჰყვა. დღეს, თქვენ ხედავთ, რომ როგორც კი რაღაც გარკვეული ინფორმაცია გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მაშინვე დაიწყო გამოძიება. აქ ერთი რამ არის გასარკვევი, თუ არასამთავრობოების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ხდება დანაშაული და წყარომ მოგვაწოდა ინფორმაციაო, პროკურატურაში გამოკითხვისას თქვეს, წყაროს ვერ დავასახელებთო. გაკვირვებული ვარ. თუ მათ ნამდვილად სურთ ჭეშმარიტების დადგენა და ფიქრობენ, რომ დარღვევას აქვს საფუძველი, რატომ არ ცდილობენ დაეხმარონ გამოძიებას. არ მესმის ეს რა ფერის გაგებაა. არასამთავრობო რატომ იქცევა ასე, არ აპირებს წყაროს დასახელებას, რომ მართლაც გავიდნენ დამნაშავეზე, თუ კი რამე ასეთი არსებობს. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ეს არასამთავრობოები მწარედ არიან მოტყუებულნი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ და სულ სხვა მიზნებიააქ ჩადებული”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

მისივე თქმით, ასეთივე ლოგიკით თავისუფლად შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სკაიპით იყო ჩართული აღნიშნულ არასამთავრობოებთან და იქ შედგა ეს საუბარი.

“ჩვენ უკან არ ვიხევთ და არავითარ გაყალბებას აზრადაც არავინ გაივლებს. ამ 6 წლის განმავლობაში, მმართველ გუნდში არავის გასჩენია აზრად გაყალბება. ყოველგვარი სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით ძალიან მოკლე ტყუილები იქნება, იმიტომ, რომ პროკურატურა მუშაობს ამ მიმართულებით. ხელისუფლება არ აპირებს არჩევნების გაყალბებას. “ნაციონალურ მოძრაობას” არ მივცემთ საფუძველს ამაში დაგვადანაშაულონ“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

მსგავსი თემები