როგორ ვითარდებოდა თბილისი 1934-2019 წლებში

თბილისის საკრებულოში პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში, ღონისძიება „თბილისის გენგეგმების ისტორია 1934-2019 წლებში“ გაიმართა.  ღონისძიებას პროექტის ავტორი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია უძღვებოდა. მარიკა დარჩიამ საზოგადოებას ამ ისტორიის მთხრობელები წარუდგინა – არქიტექტურის დოქტორი მერაბ ბოლქვაძე და ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე. მან მადლობა გადაუხადა მათ, ასევე დედაქალაქის მერს და მერის მოადგილეს მაია ბითაძეს  თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებაში გაწეული საქმიანობისთვის.

„დღეს ტრადიციულად შევიკრიბეთ პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში. თემა არის ძალიან საინტერესო-თბილისის გენერალური გეგმების ისტორია. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა თბილისის გენგეგმების კოლაჟი, რომელზეც სიმბოლურად ხელს მოაწერენ ისინი, რომლებსაც თბილისის მთავარი დოკუმენტის მიღებაში წვლილი მიუძღვით. როგორც ცნობილია, თბილისის საკრებულომ ცოტა ხნის წინ მიიღო დედაქალაქის მიწათსარგებლობის რიგით მეხუთე გენერალური გეგმა,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საინტერესოა თბილისის გენგეგმების ისტორიის მოსმენა, რადგან ეს თემა თითოეულ თბილისელს ეხება.

„ძალიან საინტერესო ღონისძიებაა, რომელიც გენერალური გეგმების ისტორიებს ეძღვნება. ცოტა ხნის წინ, თბილისის საკრებულომ მიიღო დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქალაქის გრძელვადიანი, სწორი და სისტემური განვითარება. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია ჩვენი ქალაქისთვის. საინტერესოა იმ გენერალური გეგმების ისტორიების გაცნობა, რომელიც თბილისს აქამდე ჰქონდა,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, მერაბ ბოლქვაძემ და  მამუკა სალუქვაძემ დამსწრე საზოგადოებას 1934-2019 დედაქალაქის გენერალური გეგმების ისტორიები და თბილისის განაშენიანების და ურბანული  განვითარების შესახებ მოუთხრეს, რომელიც ქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ მოწვეულ სტუმრებს კალიგრაფ ლეილა ბაღბაიას შესრულებული სახელობითი საჩუქრები გადასცა.

საკრებულოში გამართულ ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ასევე არქიტექტორები, დაინტერესებული პირები და სტუდენტები დაესწრნენ.

მსგავსი თემები