საკრებულოს უმრავლესობისთვის, შაქარაშვილი-ჯიშკარიანის გუნდიდან წასვლა მოულოდნელი არც ყოფილა

თბილისის საკრებულოს  წევრების ჯაბა ჯიშკარიანისა და ვატო შაქარიშვილის მხრიდან უმრავლესობის დატოვება, როგორც საკრებულოს, ისე ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. გიორგი ტყემალაძე და ბექა დავითულიანი აცხადებენ, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. 

“ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა დააანონსეს შეერთება სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან და მათი პოზიცია ჩვენთვის ცნობილი იყო. ამ ადამიანებს დეკლარირებული აქვთ თავისი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. ისინი საკრებულოს წევრები არიან და ცხადია, უკვე შეცვლილი სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას დედაქალაქთან დაკავშირებულ საკითხებზე“- აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძეს შეფასებით კი, ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილება, სხვა ორგანიზაციაში  საქმიანობის გაგრძელებას უკავშირდება.

„მათი გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ამის შესახებ ინფორმირებული ვიყავით. როგორც მოგეხსენებათ, ისინი თავიანთ მომავალს სხვა ორგანიზაციას უკავშირებენ, თუმცა საკრებულოში რჩებიან და საქმიანობას გააგრძელებენ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.  

შეგახსნებთ, რომ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, საბურთალოს მაჟორიტარმა  ვახტანგ შაქარიშვილმა და მთაწმინდის მაჟორიტარმა ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს.

ვახტანგ შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ უერთდებიან.

მსგავსი თემები