საკონსტიტუციო სასამართლომ საფრთხის წინაშე დააყენა ახალგაზრდა თაობა – სიმონ ნოზაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პიროვნების თავისუფალი დეგრადირების უფლებად აფასებს, რასაც არაფერი აქვს საერთო პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

როგორც სიმონ ნოზაძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა,
​საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ საზოგადოება აღაშფოთა, არამედ საფრთხის წინაშე დააყენეს ქვეყნის ახალგაზრდა თაობა, თუმცა, მიაჩნია, რომ სასამართლოს გაუქმების მოთხოვნა მეამიტურია და ის ემოციურ ფონზეა ნათქვამი.

“სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია, თუ გვაქვს პრეტენზია რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, არ შეიძლება ვისაუბროთ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებაზე. მეორე მხრივ, არ გვაქვს უფლება არ დავიცვათ სასამართლოს გადაწყვეტილება”, – აცხადებს დეპუტატი.

​სიმონ ნოზაძის განცხადებით, პარლამენტი მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებაზე სექტემბრიდან აქტიურად იმუშავებს, შესაძლებელია ბევრგან აიკრძალოს მისი მოწევა, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებში, განისაზღვროს ასაკობრივი ზღვარი, რაც მეორე მხრივ მოწევის უფლების დაშვებას ნიშნავს, გამკაცრდეს ბრძოლა გამსაღებლებთან, ვინც ამ მცენარეს მოიყვანს და გაყიდის.

“ალბათ, გამოჩნდეს მექანიზმები, რომ საზოგადოება დავიცვათ. სექტემბრიდან ვეცდებით საზოგადოებას ავუხსნათ რა რეგულაციები შეიძლება გატარდეს ამ მიმართულებით”, – აცხადებს დეპუტატი.

 

მსგავსი თემები