საკონსტიტუციო სასამართლომ სრულ აბსურდში შეგვიყვანა – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულ აბსურდში შეიყვანა ქვეყანა.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა მედიაცენტრმთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი ცუდი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიუღია, ეს ნიშნავს, რომ ლიბერალიზაციის უტოპიურმა ფონმა გაიმარჯვა საქართველოში.

დეპუტატის აზრით, იდეოლოგია, რომ თითოეული ადამიანი არის თავის თავზე პასუხისმგებელი, უნდა განიდევნოს საჯარო სივრციდან, რომ მომავალში საკონსტიტუციო სასამართლომ არც კი გაბედოს მსგავს ლოგიკას დააფუძნოს თავისი გადაწყვეტილება. ამავე ლოგიკით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავის მოკვლა ადამიანის უფლებაა და ის ამით მესამე პირს არ აყენებს ზიანს.

“სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მარიხუანის ლეგალიზაცია უკვე მოახდინა. მომავალში ალბათ მოახდენს იმის ლეგალიზებას, რომ ჯანდაცვა და განათლებაც არის ინდივიდუალური გადაწყვეტის საკითხი და ეს სფერო სახელმწიფომ არ უნდა დააფინანსოს. გავაგრძელებ საჯარო ბრძოლას იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არ იზიარებს ამ გადაწყვეტილებას”, – აცხადებს დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი.

მისივე შეფასებით, ნარკოლიბერალიზაციაზე აბსურუდული ლაპარაკი ქვეყანაში ყოველგვარი საფუძველი გარეშე დაიწყო, არ ჩატარებულა საზოგადოებრივი კვლევა, თუ რა მოტივით იწყებენ ადამიანები ნარკოტიკის მოხმარებას, რომელი სოციალური ჯგუფები იწყებენ ნარკოტიკის მოხმარებას.

“პორტუგალიის მაგალითს თუ მივმართავთ, იქ ჯერ სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე დაიწყეს ზრუნვა, რომ ადამიანები ნარკომოხმარებას იწყებდნენ იმიტომ, რომ მძიმე სოციალურ ფონს გაქცეოდნენ, ამიტომ პორტუგალიამ ჯერ იზრუნა სოციალური პროექტების გაუმჯობესებაზე”, – აცხადებს დეპუტატი.

ბექა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას მხარს არ უჭერს, რადგან სასამართლოს აქვს კონკრეტული ფუნქცია, ის განკარგავს ურთიერთობას მოქალაქეებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ალტერნატიულ ინსტიტუტიას არ იცნობს და ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების აუცილებლობას ხედავს დღეისთვის.

მსგავსი თემები