“საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე“ – მამუკა ხაზარაძე

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და აცხადებს, რომ მისი დღევანდელი განცხადება არ გულისხმობდა მინისტრის სქესს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქალთა თანასწორობა და უფელებების დაცვა, მისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ამის დასტური, მის გუნდში ბევრი ქალის ყოფნაა.

„ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური. თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“).

მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით.

მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია, ისევე როგორც „ოცნების“ მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით. საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე“, – წერს ხაზარაძე ფეისბუქზე.

მსგავსი თემები