„საკმაოდ სახუმარო ხასიათზე ვიყავი და ამიტომაც ვუპასუხე, რომ ვაპირებდი პარლამენტში შესვლას” – ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

როგორც ოქრუაშვილმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რადგანაც სახუმარო ხასიათზე იყო, კითხვაზე, აპირებდა თუ არა პარლამენტში შესვლას, უპასუხა, რომ აპირებდა, რადგან, მისი თქმით, ხელფასი ჰქონდა ასაღები.

ოქრუაშვილმა დაკითხვაზე დასმულ შეკითხვებსა და მის მიერ გაცემულ პასუხებზე ისაუბრა.

„საკმაოდ კარგ სახუმარო ხასიათზე ვიყავი და შესაბამისად, კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და სამი თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი შესვლას. მათ მკითხეს, რატომ ვაპირებდი წინიდან შესვლას და მე ვუთხარი, რომ მეგონა, რომ ბუღალტერია წინიდან იყო და მერე პოლიციელებმა მითხრეს, არა გვერდიდან არისო, ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო.

ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: რას მოვიმოქმედებდი, თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა? ძალიან მარტივი პასუხია. ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის გართულება არ მომხდარიყო. შემდეგი მეტ-ნაკლებად იურიდიული და აზრიანი კითხვა იყო ის, ვიცოდი თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამასთან ოქრუაშვილის თქმით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამომძიებლები დაინტერესდნენ, 20-21 ივნისის მოვლენების დროს, პარლამენტის წინ, თუ გაიმართა კონსულტაციები პოლიტიკური მოთხოვნების შეჯერებისთვის.

„ბუნებრივია, ვუპასუხე, რომ იყო და ერთად შევჯერდით ყველაფერზე. სამი მაღალჩინოსნის გადადგომის მოთხოვნა პოლიტიკოსებს შორის იყო ერთად შეჯერებული. ვაპირებდით აქციაზე ამ მოთხოვნების გაჟღერებას და ამ მოთხოვნების ხელისუფლებისთვის დაყენებას“, – განაცადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ საქმეზე პირველ რიგში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოიკითხოს, რადგანაც მისი თქმით, სწორედ ის არის ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები პირი.

„წინა რიგებში ვიდექი და ხალხს ვაშოშმინებდი, ამოიღეთ კადრები, ყველგან გვერდითა და წინა მხრიდანაც ვჩანვარ წინა რიგებში და ხალხს მეტ-ნაკლებად ვაწყნარებდი. ის, რომ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოიკითხოს, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები, მის გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ვერავინ, რომ დაერბიათ მშვიდობიანი მომიტინგეები. ივანიშვილმა გასცა უშუალოდ ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ დაერბიათ მომიტინგეები. რაც შეეხება გახარიას გამოკითხვას, გვერდიგვერდ ორი შენობის მაღალჩინოსნები ერთმანეთის ტყავს არ დახევენ არცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი თემები