საკვებ სუნელებში ტყვიის შემცველობა კვლავ მაღალია

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სურსათში ტყვიის შემცველობა, წინა წელთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია და ის 17,5%-დან 2 %-მდე დაეცა. თუმცა დადგენილ ნორმაზე შეუსაბამობა გამოვლინდა რძის პროდუქტებსა და სუნელებში.

როგორც ჩეკურაშვილი აცხადებს, 2018 წელს ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატებოდა ბავშვთა კვების პროდუქტებში, ასევე, თევზში, პურ-პროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლინდა ხორცის ნიმუშებში, ხოლო დადგენილ ნორმაში შეუსაბამობა გამოვლინდა ნედლი რძის 15 ნიმუშში და სუნელების 8 ნიმუშში.

“საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენს სურსათში ტყვიის შემცველობა. სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სურსათის უვნებლობაა და სააგენტო ამ მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს. თუმცა არსებული ადამიანური რესურსითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ამის მიღწევა ადვილი არ არის.  სააგენტოს სამივე მიმართულებით 250-მდე ინსპექტორი ჰყავს, ქვეყანაში 45 ათასამდე საწარმოა რეგისტრირებული და ევროპულ სტანდარტებს რომ მივაღწიოთ, 650-700-მდე ინსპექტორი მაინც უნდა იყოს“, – განაცხადა სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა პარლამენტის აგრალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას.  

მსგავსი თემები