საინფორმაციო გამოშვებებში ინფორმაციის 79% ყალბი ან ინტერპრეტირებულია – კვლევა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე აცხადებს, რომ საარჩევნო პერიოდში ზოგიერთი მედიასაშუალებებით აქტიურად მიმდინარეობს გამოგონილი ინფორმაციების ტირაჟირება და საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქებული ფაქტების 79.4% ყალბი ან დამახინჯებულია. ჟურნალისტები ხშირად, საკუთარ მოსაზრებებს ფაქტებად წარმოაჩენენ, რითაც მაყურებელი მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში.

ასევე, თოქ-შოუებში, განსაკუთრებით კი „კვირის აქცენტებში“, თავად გადაცემის წამყვანებმა არაერთხელ  გამოიყენეს ადამიანის პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი განცხადებები. როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, ისე თოქ-შოუებში ხშირია გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირება.

კვლევის პრეზენტაცია გია აბაშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართა. კვლევის ობიექტად შეირჩა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ი და მის ეთერში 3 დღის განმავლობაში გასული 15 საინფორმაციო
გამოშვება. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ სიახლეებზე. შედეგად დადგინდა, რომ ​საინფორმაციო გამოშვებებში ინფორმაციის გაშუქებისას 141 თემიდან, 112 ფაქტი იყო ტყუილი ან მიზანმიმართულად დამახინჯებული.

“კვლევის პროცესში, პოზიტიურ და ნეიტრალურ კონტექსტში ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრები გაშუქდა; პოლიტიკური თუ საინფორმაციო-ანალიტიკური შოუების გაშუქებისას, შეინიშნებოდა ტენდენციური დამოკიდებულება პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართ და ხდებოდა მისი დაუფარავი კრიტიკა; თოქ-შოუებში აქტიურად მიმდინარეობდა მისი „რუსეთის პროექტად“ და მოღალატედ წარმოჩენა; ხშირად სიუჟეტები ეგებოდა გაყალბებული ფაქტების კვალდაკვალ და ყველა შემდგომი დასკვნა პირველი ცრუ ინფორმაციის გაგრძელებას წარმოადგენდა. ხშირი იყო კადრებით და მუსიკით მანიპულირება, განსაკუთრებით თოქ- შოუებში”, – აცხადებს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, კვლევის მიზანია წარმოაჩინოს, რამდენად ობიექტურად აწვდის ინფორმაციას “რუსთავი 2” მაყურებელს.

გია აბაშიძემ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი მოიყვანა: კერძოდ “რუსთავი 2”-ით გავიდა სიუჟეტი ასეთი სათაურით – “ლევან იზორიას უწყებამ გია ცერცვაძის მეუღლეს და შვილებს უარი უთხრა რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაეკრძალათ.”

​როგორც გია აბაშიძე აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაიკრძალოს. ვინაიდან, თადარიგის ვიცე- პოლკოვნიკის ოჯახმა არ მიიღო აღნიშნული შეთავაზება, გია ცერცვაძე სამხედრო პატივით დაიკრძალა გორის სამოქალაქო სასაფლაოზე.

სიუჟეტი “შავი სიის” თემაზე – “კურიერის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარია იმაზე, რომ ე.წ შავ სიაში მოხვედრილებისთვის სესხების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი “ქართუ”, რომ  ამ წლის ბიუჯეტში ფონდ დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. ჟურნალისტის ფრაზა – „საიდან მოიტანს ფონდი ქართუ მილიარდ ნახევარ ლარს“- წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას-ტყუილს, რადგან ფონდ “ქართუს” არ განუცხადებია, რომ დახარჯავდა მილიარდ ნახევარ ლარს. საუბარი შეეხებოდა მილიარდ ნახევრიანი ღირებულების დავალიანების გამოსყიდვას.

გია აბაშიძის მიერ მომზადებულ კვლევაში საუბარია სხვა სიუჟეტებზეც. კერძოდ: „იარაღის ტრიალი არჩევნების წინ, რეგიონებში “ქართული ოცნების” კონსპირაციული შტაბები ერთი მეორის მიყოლებით იხსნება, შტაბებში კი შეიარაღებული ხალხი გამოჩნდა… ვაჟა ფშაველას ქუჩაზე “ქართული ოცნების” საიდუმლო ოფისია… “რუსთავი  2”-ის ფოტოებში კი ჩანს, რომ ოფისში შეიარაღებული მამაკაცი გადაადგილდება… „ – ნოდარ მელაძე.

“არ ჩანს ფოტო სადაა გადაღებული, ასევე შეუძლებელია ფოტოზე ადამიანის იდენტიფიცირება, სიუჟეტში განვითარებული მსჯელობა ჰიპოთეტურია და წარმოადგენს ჟურნალისტის შეფასებებს”, – აცხადებს ანალიტიკოსი.

2) „ძალიან მარტივად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მამუკა ბახტაძემ ყოფილ სამსახურს, ანუ მენეჯერებს დაავალა განეხორციელებინათ ზეწოლა ყოფილ თანამშრომლებზე იმისთვის, რომ შემდეგ მათ შემოაეხაზათ 48“ – ნოდარ მელაძე

“აუდიო ჩანაწერებში „საქნახშირის დირექტორი“ საუბრობს, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მაღაროელებთან შეხვედრა უნდა გამართოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სხვა დანარჩენი არის ფაქტების დამახინჯება და ინტერპრეტაცია”, – აცხადებს გია აბაშიძე.

3) „ტყიბულში ხალხს, რომ კარგად დაენახა სალომეს პოსტერი იქ მოჭრეს ხეები“ – ნოდარ მელაძე.
​როგორც ტყიბულის მერიის პრესსამსახურში განგვიცხადეს აღნიშნული სამუშაოები ჩატარდა ყოველწლიური გადაბელვითი სამუშაოების ფარგლებში და არანაირ კავშირში არ იყო ბანერთან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებების პრესსამსახურები და სახელმწიფო მოხელეები, სათანადოდ არ ახდენენ რეაგირებას აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერით გადაცემულ დამახინჯებულ ფაქტებზე, რითაც მოსახლეობას რეალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ აქვს.

მსგავსი თემები