საზოგადოებამ ხელიდან გაუშვა შანსი, მთავარ პროკურორი მათგან მხარდაჭერილი ყოფილიყო – შალვა შავგულიძე

ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ ხელიდან გაუშვა შანსი, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარედგინა საზოგადოებისგან ფართოდ მხარდაჭერილი კანდიდატი, შესაბამისად ხელისუფლება დარჩა იმ კომფორტში რომ, საკუთარ კანდიდატურას დანიშნავს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა შავგულიძემ დღეს განაცხადა, ​ცოტა ხნის წინათ, ხელისუფლება ძლიერი საპროტესტო გამოსვლების წინაშე დადგა სწორედ პროკურატურის ცუდი საქმიანობის გამო. საზოგადოება აპროტესტებდა და ითხოვდა სამართალს. იმდენად ძლიერი იყო პროტესტი, რომ იძულებული გახდა ხელისუფლება და შესწირა მთავარი პროკურორი.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მთავარი პროკურორის გადადგომა, ეს ფაქტობრივად მის გადაყენებას ნიშნავდა. შოთაძე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ხელისუფლების ნების გარეშე.

“ამით ხელისუფლებამ საზოგადოებას უთხრა, რომ მზად არის საზოგადოებრივი, მაღალი ნდობით აღჭურვილ პირთაგან განიხილოს ახალი მთავარი პროკურორობის კანდიდატი. ამ შემთხვევაში საზოგადოებას მართებდა უფრო მეტი აქტიურობა, მაგრამ ის თითქოს მოუმზადებელი იყო ასეთი საჩუქრისთვის ხელისუფლების მხრიდან”, – მიაჩნია შალვა შავგულიძეს.

​მისი აზრით, ​​ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს უფრო მეტად უნდა ეაქტიურათ და წარედგინათ მათი ნდობით აღჭურვილი კანდიდატები, ხელისუფლება უნდა დამდგარიყო იმ რეალობის წინაშე, რომ საზოგადოების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან აერჩია მთავარი პროკურორი. ​

“3-4 კარგი კანდიდატი, კვალიფიციური იურისტები საქართველოში მოიპოვება, თუ იქნებოდა წარდგენილი, ხელისუფლება მართლაც იძულებული გახდებოდა განეხილა ეს კანდიდატურები, ან გადაიხდიდა ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს”, – აცხადებს იგი.

შავგულიძის თქმით, შესაცვლელია “პროკურატურის შესახებ” კანონი, რომელიც იუსტიციის მინისტრს შესაძლებლობას აძლევს მთავარ პროკურორად წარადგინოს არანაკლებ 3 კანდიდატისა.

” ​კანონი “პროკურატურის შესახებ”, რომელიც  მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე წლის წინ მიიღო, არის ძალიან ცუდი და საჭიროებს გამოსწორებას. ჯერ კიდევ პარლამენტის წევრი ვიყავი, როდესაც ამ კანონს იღებდა პარლამენტი და ვეწინააღმდეგებოდი მის მიღებას. გვქონდა კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან და ამ კომისიის დასკვნაც გვაქვს ძალიან უარყოფითი და ნეგატიური. მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ, ალბათ, ყველაზე ნეგატიური დასკვნა, რაც მინახავს ვენეციის კომისიის არის პროკურატურის ამ კანონზე, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს კანონი არ პასუხობს პროკურატურის დეპოლიტიზაციის მიზანს და უფრო მეტად აკონკრეტებს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენა მთავარი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხში მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის სახით შეუზღუდავია და პოლიტიზირებულია ინსტიტუციურად”, – აცხადებს შავგულიძე.

მსგავსი თემები