საექსკურსიო მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვია


თბილიდან კახეთში მიმავალი საექსკურსიო მიკროავტობუსი დღეს,  გომბორის უღელტეხილზე ხევში გადავარდა, გარდაცვლილია – 4, დაშავებულია 16 ადამიანი.  სავარაუდოდ მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. ხოლო დაშავებული 21 მგზავრი, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორის 12 ბავშვია.​

​როგორც “მთავარს” შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე, თელავის რაიონის სოფელ თეთრიწყლების მიმდებარედ მოხდა. თბილისის N 175 სკოლის IV კლასის მოსწავლეები, მშობლებთან ერთად კახეთის მიმართულებით ექსკურსიაზე მიდიოდნენ.  

მათივე ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა პოლიციის ეკიპაჟი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები. 
​ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაემგზავრა.

“მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის N 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი თემები