საერთო სარგებლობის სივრცეში ვანდალიზმის და ქურდობის ფაქტების აღსაკვეთად თბილისის მერია კამპანიას იწყებს 

საერთო სარგებლობის სივრცეში დაფიქსირებული ვანდალიზმის და ქურდობის ფაქტების აღსაკვეთად, ფართო საზოგადოებაში ქალაქის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობისა და ზრუნვის კულტურის განსავითარებლად, თბილისის მერია ექვსთვიან სოციალურ კამპანიას იწყებს და კონკურსს -„გაუფრთხილდი ქალაქს“ აცხადებს.

როგორც პროექტის წარდგინებისას თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კამპანიის მიზანია ერთი მიზნის და იდეის ირგვლივ გააერთიანოს როგორც საზოგადოება, ასევე სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორი. შეიქმნას ისეთი ღირებული პროდუქტი, რომელიც დაიწყებს შეუქცევად პროცესებს, რაც მეხსიერებაში და ჩვევებში ხანგრძლივად დატოვებს კვალს; იმოქმედებს თითოეული მოქალაქის შეგნებასა და ცნობიერებაზე; გამოიწვევს მოსახლეობის ქმედებას ქალაქის სასიკეთოდ.

მისივე განმარტებით, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული კამპანია გამოავლენს, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქზე ერთობლივად ზრუნვა და მისი გაფრთხილება.

​თბილისის მერის განცხადებით, კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წლის განმავლობაში  მილიონობით ლარი და ადამიანური რესურსი იხარჯება. გაუფრთხილებლობისა და ვანდალიზმის გამო, საჭირო ხდება სამუშაოების განმეორებით ჩატარება. გარდა ამისა, არსებობს შემთხვევები, როცა მოსახლეობა აბინძურებს ქალაქს, რაც ასევე დამატებითი რესურსის მობილიზებას საჭიროებს. ეს კი აფერხებს დედაქალაქის განვითარების პროცესს, რაც აისახება როგორც ქალაქის იერსახეზე, ასევე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

“გამარჯვებულ კონცეფციას სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია და თბილისის მერია ერთობლივად შეარჩევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ქალაქზე ზრუნვის პროცესში და ამ მიმართულებით, პასუხისმგებლობის შეგრძნების ადრეული ასაკიდან გაღვივება. კამპანია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სახის სასარგებლო და შედეგებზე ორიენტირებულ აქცია-აქტივობებს, რომლებშიც თბილისის მოქალაქეები ჩაერთვებიან”, – აცხადებს კახა კალაძე.​​
მისივე ინფორმაციით, საკონკურსო პროექტები მიიღება 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით. კონკურსის შედეგები გასაჯაროვდება 30 ივლისამდე.

​კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია:   http://tbilisi.gov.ge/img/original/2018/6/18/sakonkurso_winadadeba.pdf

 

მსგავსი თემები