სადეპორტაციო ცენტრში დაჭრილ ქართველს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ


იტალიაში, სადეპორტაციო ცენტრში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, საგარეო მინისტრის მოადგილე იტალიის ელჩს შეხვდა. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 
  

აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა. 

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე, მხარეებმა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დადგენის მიზნით. 

ქართულმა მხარემ ელჩს მოსთხოვა ინციდენტის შესახებ  დეტალური ინფორმაციის მოწოდება. თავის მხრივ იტალიის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იტალიური სამართალდამცავების მხრიდან ყველაფერი კეთდება მომხდარის ოპერატიული გამოძიების მიზნით.  აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმაცია  გარდაცვალების მიზეზების თაობაზე.
 
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარის თაობაზე ასევე დაგეგმილია საქართველოს ელჩის შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, ხოლო საელჩოს კონსული  ადგილზე ჩავა და შეხვედრებს გამართავს  ქ. გორიციის პროკურატურის წარმომადგენლებთან. იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან     
 
რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, შეგახსენებთ, რომ 
ემიგრანტებს შორის კამათს სერიოზული ჩხუბი მოჰყვა. თვითმხილველების ინფორმაციით, საქმეში პოლიცია ჩაერთო, რა დროსაც მოხდა ძალის გადამეტება. ქართველი ახალგაზრდა მძიმედ დაიჭრა და 18 იანვარს დილით გარდაიცვალა. 

ემიგრანტების ინფორმაციით, აწ გარდაცვლილი ვახო ჯოხაძე  სადეპორტაციო ცენტრში დაახლოებით 3 თვე იმყოფებოდა და საქართველოში დაბრუნებას ელოდებოდა. 

გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარს ექსპერტიზა ხვალ ჩაუტარდება. მას საქართველოში ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ. 

მსგავსი თემები