“საგულისხმოა დაზიანებები, რომელიც შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული, ზუსტად აქ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამოძიებისთვის” – გიორგი გელხაური

ადოკატი გიორგი გელხაური მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალის დამძიმებას არ ელოდება. გელხაური არასრულწლოვანს იცავს,  რომელიც “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილის მგზავრი იყო, მისივე ინფორმაციით, არანაირი კავშირი და შემხებლობა გარდაცვლილ შაქარაშვილთან მას არ ჰქონია. 

“ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია, კერძოდ კი წყალში დახრჩობა. რაც შეეხება იმ დაზიანებებს, რომელიც ექსპერტიზის მიხედვით, შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული, ზუსტად აქ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამოძიებისთვის. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ და რა ვითარებაში, ვის მიერ მოხდა ზუსტად ეს დაზიანებების მიყენება შაქარაშვილისთვის და შემდგომ უკვე რა გარემოებებში განვითარდა აღნიშნული.” – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ადვოკატი თვლის, რომ ახლა მთავარია გამოძიებამ  დაადგინოს, რა ტიპის ბლაგვი საგნით მოხდა გიორგი შაქარაშვილისთვის დაზიანებების მიყენება.

“გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის ჰქონდა ბოლოს გარდაცვლილ შაქარაშვილთან შეხება და ვინ იმყოფებოდა კონფლიქტში მასთან. თუ ის მიაყენა პირმა, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდა, გამოძიებამ უნდა გასცეს ამ კითხვებზე პასუხი, ვის მიერ იქნა მიყენებული და რა გარემოებებში მოხდა აღნიშნული დაზიანების მიყენება.“ – აცხადებს გიორგი გელხაური.

მსგავსი თემები