საგარეო უწყება მარია ზახაროვას განცხადებას ცინიზმს უწოდებს

“შექმნილი ჰუმანიტარული ვითარების ფონზე ოკუპირებული ტერიტორიების „სახელმწიფოებრიობაზე“ საუბარი ცინიზმია”, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს „შემდგარი სახელმწიფოები“ უწოდა.

“საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, რომელიც წარმოადგენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, არის ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ვინმეს, მით უმეტეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. პირიქით, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანება არის მშვიდობისა და განვითარების გარანტია, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის პარალელურად, საქართველო ურყევად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას: სრულად შევასრულეთ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. არაერთხელ დავადასტურეთ ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება; კონსტრუქციულად ვართ ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებში და ყველაფერს ვაკეთებთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად.

ამ ფონზე რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ადგილი აქვს სრულიად საპირისპირო განზრახვებსა და პროვოკაციულ ქმედებებს: სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მიმდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაცია, საოკუპაციო ხაზზე აღიმართება მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები უხეშად ილახება ადგილობრივ მცხოვრებელთა უფლებები და თავისუფლებები, იკეტება ე.წ. გადასასვლელები, რაც იზოლაციაში ამყოფებს მოსახლეობას და მწვავე ჰუმანიტარული პრობლემებით ცდილობენ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას.

ასეთი ჰუმანიტარული ვითარების ფონზე, ოკუპირებული ტერიტორიების „სახელმწიფოებრიობაზე“ საუბარი არის ცინიზმი და მიზნად ისახავს დღეს არსებული მძიმე სიტუაციისგან ფოკუსის გადატანას სხვა განზომილებებზე, უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის დაფარვას და პასუხისმგებლობის გადატანას რეალური კონტროლის განმახორციელებელი ძალიდან მის საოკუპაციო რეჟიმებზე.

ამავე მიზანს – საოკუპაციო რეჟიმების ერთგვარი ლეგიტიმაციისა და მათზე პასუხისმგებლობის გადატანას ემსახურება ე.წ. არჩევნების ჩატარება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, რომლებსაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის პირობებში, ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას მიაჩნია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ სახელმწიფოებად შედგნენ.

მსგავსი თემები