საგარეო უწყებაში აზერბაიჯანს ამართლებენ და ამბობენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ემოციები დიდია. ის ყველას მოუწოდებს, ემოციებისგან დაიცალოს. ასევე ამტკიცებს, რომ ის ტერიტორია, სადაც გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობდა, აზერბაიჯანულ მხარეს ეკუთვნის და არა საქართველოს.

„მაქსიმალურად უნდა მიეცეს დელიმიტაციის კომისიებს საშუალება, სწორედ ემოციებისგან დაცლილ ფონზე წარმართონ მუშაობა. ეს მაღალი ემოციური ფონი მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის ნორმალური გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის ტერიტორია ქედს მიღმა, რომელზეც ამჟამად კონტროლს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერანაირი სამუშაოები ან რაიმე სტატუს კვოს ცვლილება არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ, თუ აზერბაიჯანული მხარე აწარმოებდა რაიმე სამუშაოებს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს კვო,“ – განაცხადა საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის მიმდებარედ, აზერბაიჯანულმა მხარემ გზის მშენებლობის სამუშაოები დილიდან განაახლა. დაამატა მძიმე ტექნიკა და კლდის ჩამოშლა აქტიურად გააგრძელა, ადგილზე საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ჩავიდნენ, რომლებმაც ფაქტი დაგმეს.


მსგავსი თემები