საგარეო მინისტრი დაკავებული ექიმის მეუღლესთან სატელეფონო ჩანაწერზე საუბრობს

ბერლინში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის მეუღლეს ესაუბრა და ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რასაც საგარეო უწყება ვაჟა გაფრინდაშვილის დასახსნელად აკეთებს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, სახელმწიფო ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს იყენებს, რომ ექიმი ოჯახს დაუბრუნდეს.

„დღეს, ბერლინიდან, ტელეფონით ვესაუბრე ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს, ქ-ნ თამილას. მინდოდა, მისთვის პირადად, კიდევ ერთხელ, მეცნობებინა იმ ქმედებებისა და ნაბიჯების შესახებ, რაც ბ-ნ ვაჟას გათავისუფლებისთვის ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. პირველ რიგში, დიდი მადლობა ოჯახს მოთმინებისა და გამძლეობისთვის. მესმის, რა ძნელია მათთვის ამ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება. ის კონსტრუქციული დამოკიდებულება, რომელსაც ოჯახი ავლენს ამ კრიტიკულ მომენტში, მართლაც ფასდაუდებელია.

ჩემის მხრივ, დავარწმუნე ქ-ნ თამილა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი მეუღლის დასახსნელად. ჩემი ყოველი სამუშაო დღე იწყება ამ საკითხით და ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც ამ დღეებში გავმართე და რომელსაც გავმართავ, საუბრის მთავარი თემა სწორედ ბ-ნ ვაჟას უკანონო დაკავებაა.

ბუნებრივია, ამ საკითხზე ვისაუბრე ბერლინში გამართულ ყველა შეხვედრაზე, მათ შორის, ჩემს კოლეგასთან, ჰაიკო მაასთან. ქ-ნ თამილას გავაცანი გერმანული მხარის და ზოგადად, ჩვენი პარტნიორების პოზიცია. ისინი გმობენ მომხდარს და დაგვპირდნენ, რომ გამოიყენებენ ყველა შესაძლო მექანიზმს პრობლემის დაუყოვნებლივ მოსაგვარებლად“ – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.  

მისივე შეფასებით, მიმდინარე კვირა მართლაც დატვირთულია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური ამბებით – საქართველო ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.

„იგეგმება ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა და ა.შ. მაგრამ, მერწმუნეთ, არანაირ წარმატებას არ აქვს ფასი, ვიდრე ჩვენი თანამემამულეები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და ვიდრე მათ არ აქვთ უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა“ – აღნიშნავს დავით ზალკალიანი.

მსგავსი თემები