საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კენჭს დღეს უყრიან

პარლამენტი დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კენჭს უყრის. საგანგებო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

უცნობია, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია.

როგორც არასაპარლამენტო, ისე საპარლამენტო ოპოზიცია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებისგან ანტიკრიზისული გეგმისა და აქამდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ითხოვდა.

მათი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაზე მხარდაჭერა უპირობო აღარ იქნება. 21 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. ამავე ვადით გრძელდება პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა და თავდაპირველად მისი მოქმედების ვადა 21 აპრილის ჩათვლით იყო განსაზღრვული.

მსგავსი თემები