“საგაზაფხულო სესიაზე შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გამოტანას და მიღებას” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დასრულება ან გახანგრძლივება ეპიდსიტუაციაზე არის დამოკიდებული.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება საჭირო არ იყოს.

„რაც შეეხება პარლამენტის საქმიანობას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ არის ამოწურული, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა არ დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, თუმცა ეს მეტწილად იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამსახურები მოგვცემენ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ის დღის წესრიგი და ამოცანები, რაც პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე ჰქონდა, ივნისის ბოლომდე ან ივლისის შუა რიცხვებამდე აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„ასე, რომ პარლამენტი თავის დასახულ, საგაზაფხულო სესიის გეგმას აუცილებლად შეასრულებს, იქნება ეს საკანონმდებლო მიმართულება, თუ საზედამხედველო მიმართულება. მინდა, ხაზგასმით ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ძირითადად ეს იქნება ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ერთი – ეს არის, რა თქმა უნდა, კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები, კრიზისული და პოსტ კრიზისული პერიოდის პროგრამები, ის ღონისძიებები, რომლებიც ხელისუფლებას გვაქვს დაგეგმილი, ასევე მათ შორის ზედამხედველობისა და შეფასების ნაწილი. მეორე პრიორიტეტი იქნება და რჩება რა თქმა უნდა პრიორიტეტად საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან ერთად. მთელი ეს პერიოდი ჩვენ გვქონდა ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრები. ასე, რომ თითქმის ყველა დეტალი, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი არის შეთანხმებული. მე ვფიქრობ, რომ, როგორც დავპირდით საზოგადოებას, ჩვენ ამ სესიაზე შევძლებთ ამ ცვლილებების კენჭისყრაზე გამოტანას და მის მიღებას.

იმედი გვაქვს, რომ სრული ჩართულობა იქნება ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ არ არის სტანდარტული ვითარება, ჯერჯერობით პანდემია გრძელდება, ბევრ სახელმწიფოში არის მზარდი სტატისტიკა. კარგია, რომ გავხსნათ ეკონომიკა, კარგია, რომ შეზღუდვების მოხსნაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ძალიან რაციონალურად, რომ არ გამოვიწვიოთ სადმე, რომელიმე რაიონში, რომელიმე რეგიონში ჩვენ ეპიდსიტუაციის გაუარესება, რომელმაც შემდეგ შეიძლება მეორადად დაგვაზარალოს.

ამიტომ აქ არის ძალიან რაციონალური და ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილებები მისაღები. მე მაქვს კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან მთელს მსოფლიოში და ასევე თვალს ვადევნებ, თუ როგორ მუშაობენ პარლამენტები სხვა ქვეყანაში. ყველგან ჯერჯერობით პარლამენტების მუშაობა რჩება შეზღუდული და, რა თქმა უნდა, ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად აღვადგინოთ ჩვენი საქმიანობის ჩვეულებრივი რეჟიმი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები