საგაზაფხულო სამუშაოები და 200 ლარიანი ჯარიმა – გაფრთხილება მოსახლეობას

საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით, ზედამხედველობის ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის კონტროლიც მკაცრდება. კერძოდ, საკარმიდამო ნაკვეთის დასუფთავებისას, ბალახებისა და სხვა ნარჩენების დაწვა 200 ლარიანი ჯარიმით ისჯება.

როგორც რეგიონის მოსახლეობა ამბობს, მათ სანქციების შესახებ არაფერი იციან, თუმცა, რომც იცოდნენ, გამხარ ფოთლებს არარსებულ ნაგავსაყრელზე ვერ წაიღებენ გადასაყრელად.

„მოსახლეობა, სავარაუდოდ, არ არის ინფორმირებული, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ნარჩენების ღია წესით დაწვა, როგორც ეკოსისტემისთვის ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დღევანდელი კანონმდებლობით, „ნარჩენების მართვის კოდექსით“ არეგულირებს ამ საკითხს.

ღია წესით წვა, იყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ არასახიფათო ნარჩენების წვა, რომელიც ასევე იყოფა ორ კატეგორიათ. პირველ შემთხვევაში, შეგვიძლია ვისაუბროთ ფოთლების, პარკების და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწვაზე, რომელიც 200 ლარით ჯარიმდება, ხოლო მეორე კატეგორიაა სახიფათო ნარჩენები – საბურავები, რეზინები და სხვა მასალები. ამ შემთხვევაში ჯარიმა არის 500 ლარი“ – აღნიშნა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგიე გრიგოლ ფოჩხიძემ.

რაც შეეხება მოსახლეობას, სამეგრელოსა და იმერეთში არაერთი ოჯახი გამოვკითხეთ, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონის შესახებ არაფერი იციან.

ლალი, რესპონდენტი იმერეთიდან: „ამინდი გამოვიდა და ახლა ვიწყებთ ეზოს მოწესრიგებას, ეს ჩვენი კულტურაა, რომ ეზო უნდა გვქონდეს დასუფთავეული. ხმელი ნაფოტები, ფოთლები და ბალახები უნდა დავწვათ და ვწვავთ კიდეც, აბა ამას ნაგავსაყრელზე არავინ წაიღებს. რომ გინდოდეს, მაინც ვერწაიღებ ამ ნარჩენებს ნაგავსაყრელზე, რადგან ახლოს არც არის. რომც იყოს, ერთი ნაგავსაყრელი არ ეყოფა ამ ფოთლებს. ვაგროვებთ და ვწვავთ, აბა რა ვქნათ“.

ნანული, რესპონდენტი სამეგრელოდან: „რეზინებს და პლასტმასის ბოთლებს არ ვწვავთ, ვყრით, მაგრამ ფოთლებს და ხიდან ჩამოცვენილ პატარ-პატარა ტოტებს ვწვავთ აბა, სხვა რას ვიზამთ, საკუთარ ეზოში ვწვავ და არც გამიგია, რომ ამისთვის ვინმემ უნდა დამაჯარიმოს“.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის იურიდიულ დეპარტამენტში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ინფორმაცია, ნარჩენების ღია წესით წვასთან დაკავშირებით მათ ცხელ ხაზზე სწორედ მოსახლეობიდან შედის.

მსგავსი თემები