“საბედნიეროდ, საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალი გვყავს მხოლოდ ერთი, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა” – პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი, თუმცა, მისივე თქმით, ამის გამო კლინიკები არ უნდა დაიხუროს.

ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ინგოროყვას კლინიკასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, სამედიცინო პერსონალის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტთან ჩვეულებრივ კონტაქტად არ ითვლება.

რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული.

„საბედნიეროდ, საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალი გვყავს მხოლოდ ერთი, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა. თქვენ წარმოგიდგებიათ საქართველოს ყველა ის საავადმყოფო, სადაც დღეს იმყოფებიან კოვიდიანი პაციენტები, დაიხუროს იმიტომ, რომ იქ არის კოვიდიანი პაციენტი? ახლა ყველა დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს კოვიდიანი პაციენტი. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მერე ყველა ეს სამედიცინო დაწესებულება დაიხუროს? პირიქით, ახლა არის ჩვენი კოლეგების მუშაობის დრო და არსად, არცერთ გაიდლაინში, პროტოკოლში სამედიცინო პერსონალი, რომელიც უნდა იყოს დაცული, მისი კონტაქტი ინფიცირებულ, დადასტურებულ შემთხვევასთან არ ითვლება ჩვეულებრივ კონტაქტად. ეს არის სამედიცინო პერსონალი და ის აგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

არსებული ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკის თანამშრომელს ვირუსის ნიშნები აქვს. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ. ინგოროყვას კლინიკის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ინფიცირებული ახლა ინფექციურ კლინიკაში იმყოფება და მისი ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ნინო ქოჩორაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ, სამი ექიმი პაციენტთან შემხებლობის გამო, რომელსაც COVID-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები