საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა, სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია

ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა, სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია. 

როგორც ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა შამილიშვილის აცხადებს, ძიძა დილით სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდა, რა დროსაც ხსნარი სამზარეულოში ჰქონდა შეტანილი, ამ დროს 4 წლის ბავშვი სამზარეულოში შევიდა და ძიძას წყლის დალევა სთხოვა. 4 წლის ბავშვმა წყლის მიწოდებამდე ხსნარი აიღო და სავარაუდოდ დალია.

„გრიპის სეზონთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებით. დეზინფექცია საბავშვო ბაღის ჯგუფებში ყოველ დღე ტარდება. ძიძამ დილით ბავშვების მოსვლამდე დეზინფექცია ჩაატარა. დარჩენილი ხსნარი ჭურჭელში, რომელიც რა თქმა უნდა, წყალში გაზავებული იყო, სამზარეულში შეიტანა. ამ დროს ბავშვი სამზარეულოში შევიდა და წყალი მოითხოვა. ძიძამ წყლის მიწოდებამდე ვერ შენიშნა, რომ ბავშვმა წამებში ხსნარიანი ბოთლი აიღო. სავარაუდოდ, დალევა ვერ მოასწრო, თუმცა პირის ღრუში ფაქტია, მოხვდა. სასწრაფო დახმარებამ ჯერ ბავშვთა საავადმყოფოში, შემდეგ კი, პრევენციის მიზნით ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ბავშვი კვირის ბოლოს ბათუმში დაბრუნდება. ამ ხნის განმავლობაში მასზე დაკვირვება განხორციელდება”, -განაცხადა მამუკა შამილიშვილმა.

ბათუმის საბავშო ბაღების დირექტორის თქმით, საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. მოკვლევის შემდეგ გადაწყდება დადგება თუ არა ძიძის პასუხისმგებლობის საკითხი.

ბაღში დასაქმებული ძიძა პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე.

 ​”ვიზიარებ პასუხიმგებლობას, ჩემი ბრალია შესაბამისი ყურადღება ვერ მივაქციე” – აცხადებს ბაღში დასაქმებული ძიძა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, ბათუმიდან შეტყობინება არ შესულა.

მსგავსი თემები