საბავშვო ბაღების კვების ტენდერის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა – თბილისის მერი

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს, საბავშვო ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტების მომარაგებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, აბსოლუტური ტყუილია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ტენდერი 4 დეკემბერს გამოცხადდა და ჯერ კიდევ დახურულია. შესაბამისად, შეუძლებელია რომელიმე მონაწილე კომპანიის ნახვა იმ ეტაპამდე, ვიდრე ყველა კომპანიის წინადადების მიღება არ დასრულდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტში საუბარი იყო იმაზე, თითქოს, საბავშვო ბაღების 61 ათასი აღსაზრდელი საკვების გარეშე დარჩა, რაც ძალიან დიდი ტყუილია. სიუჟეტი ეთერში 6 დეკემბერს გავიდა, კვების ტენდერი კი 4 დეკემბერს იყო გამოცხადებული.

“ვეღარ ავუდივართ „რუსთავი 2“-ის სიცრუეებს. გაუგებარია, საიდან მოაქვთ  ეს ინფორმაცია. მთავრობის სხდომას ვერ ვატარებთ ისე, რომ მათ ტყუილებზე პასუხის გაცემა არ მოგვიწიოს. რადგან მე პასუხისმგებელი ვარ მერიაზე და მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, ვალდებული ვარ, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდო. ასევე, მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო უწყებას, ამ ტელეკომპანიას არც ერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ, რადგან ამას საზოგადოება ისმენს და სიმართლე ჰგონია. ყველა ტყუილზე უნდა მოხდეს რეაგირება. კვლევის თანახმად, „რუსთავი 2“-დან მოწოდებული ინფორმაციის 79% სიცრუეა”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ტენდერი დღეს მთავრდება და გამარჯვებული კომპანია სწორედ დღეს გახდება ცნობილი.

კახა კალაძე მოუწოდებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას. მერი პირად ვალდებულად მიიჩნევს, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

მსგავსი თემები