საახალწლოდ, პედაგოგებისთვის ფული როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებშიც გროვდება

საახალწლოდ თუ სხვა დღესასწაულებზე მასწავლებლების გულის მოგების საბჭოური ტრადიცია დღესაც მოქმედებს. საუბარია, სკოლებში, მშობლების მხრიდან ფულის შეგროვებაზე. აღნიშნული პრობლემა საჯარო სკოლებში ტრადიციულად, წარმატებით გრძელდება, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისი არც კერძო სკოლებია. როგორც მშობლები აცხადებენ, მასწავლებლისთვის თანხის შეგროვების ინიციატივა ყოველთვის იმ მშობლისგან მოდის, რომელიც კონკრეტულ მასწავლებელთან ახლოსაა და „დაქალობს“. სხვა მშობლებიც იძულებულები ხდებიან, მასწავლებლისთვის ფული დადონ, რადგან მშობლები მასწავლებლებს ფულს სიასთან ერთად აწვდიან.

“საჯარო სკოლებში ყოველ დღესასწაულზე მასწავლებლებისთვის ფულს რომ აგროვებენ ეს ცხადია, თუმცა, ანალოგური პრობლემაა კერძო სკოლებში. საჯარო სკოლიდან კერძო სკოლაში ბავშვი წელს, მეორე კლასში გადავიყვანე და აგერ, საახალწლოდ მშობლებმა 30 ლარი მოითხოვეს მასწავლებლისთვის. ფული ყველამ დადო, მიუხედავად იმისა, რომ დადებას არ ვაპირებდი, იძულებული გავხდი, რადგანაც, არ მინდოდა, ჩემი შვილი გარიყული და თითით საჩვენებელი ყოფილიყო. პატივცემულ მასწავლებელს ფულს ბავშვების სიასთან ერთად აწვდიან და როცა შენ ამ სიაში არ ხარ, რაღაცნაირად, დაჩაგრულად ითვლები. კლასში 20 ბავშვია და მასწავლებელი 20-ჯერ 30 ლარს ანუ 600 ლარს ელოდება. ეს აუცილებლად უნდა დამთავრდეს“ – აცხადებს ერთ-ერთი კერძო სკოლის მოსწავლის მშობელი „მედიაცენტრ მთავართან“.

ამ მხრივ, დედაქალაქისგან განსხვავებით, რეგიონებში ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე მშობელი გამოვკითხეთ. როგორც ისინი ამბობენ, მასწავლებლებისთვის თანხის შეგროვება ტრადიციაა: „ახალი წელი, დაბადების დღე, 8 მარტი, თუ არ გამომრჩა რამე, ამ დღესასწაულებზე მასწავლებლებს თანხას ყოველთვის ვუგროვებთ. მართალია, ეს ჩვენი სურვილი არ არის, მაგრამ ინიციატივას ის მშობელი იჩენს, ვინც კონკრეტულ მასწავლებელთან მეგობრობს. რა თქმა უნდა, ეს მასწავლებელთან შეთანხმებით ხდება. როცა მშობელი გამოდის ინიციატივით, დანარჩენი მშობლები იძულებულები ხდებიან, თანხა დადონ, მათი შვილი რომ არ დაიჩაგროს. მგონია, რომ ეს მშობლების თვითშეგნების საკითხიც არის. თუ ინიციატივიანი მშობელი არ იქნება, მასწავლებელი საჩუქარს თავად ვერ მოითხოვს“.

მშობლების შეფასებით, სკოლა ამ საკითხთან დაკავშირებით მშობლებს მკაცრად რომ აკონტროლებდეს და მასწავლებლებსაც აფრთხილებდეს, ეს უკანასკნელები მშობლებისგან ფულადი საჩუქრის მიღებაზე უარს იტყოდნენ.

„მშობლები თანხას იმ მასწავლებლებისთვის აგროვებენ, ვინც ფულს იღებს, სხვანაირად წარმოუდგენელია. სკოლაში ყველა მშობელმა იცის, ვინ იღებს და ელოდება ფულს თუ საჩუქრებს და ვინ – არა. ერთხელ რომ აიღებს მასწავლებელი მშობლებისგან შეგროვილ ფულს, მერე ეს ტრადიცია გრძელდება და ყოველ წელს ელოდება. თუ მასწავლებელი ფულის აღებაზე უარს იტყვის და უკან დააბრუნებს, ეს ყველას ეცოდინება და მეორედ არც შეუგროვებენ, არც გაბედავენ, შესთავაზონ. მეტსაც გეტყვით, ჩვენს კლასში, ერთ-ერთმა, მოთავე მშობელმა, ვინც ფულს აგროვებდა, მშობლების ჯგუფში სიაც კი დადო, რომელ მშობელს არ ჰქონდა მასწავლებლის ფული დადებული. წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს და ამ მშობლებს მიმართავდა, თანხა დაემატებინათ“, – აცხადებს თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მშობელი.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ სკოლის დირექტორებსაც ესაუბრა. კითხვაზე, სმენიათ თუ არა მსგავსი პრობლემის შესახებ და მათ სკოლაში გროვდება თუ არა დღესასწაულებზე მასწავლებლებისთვის ფული, პასუხი ყველას სტანდარტული აქვს: ჩვენს სკოლაში მსგავსი რამ წარმოუდგენელია ფულის ან სხვა ნივთის აღება პედაგოგს ეკრძალება და თუ მსგავსი რამ გამოვლინდება, პედაგოგი მკაცრად დაისჯება.

როგორც სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორმა გია მურღულიამ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მასწავლებლის მხრიდან ფულის აღება ზნეობრივ პრინციპებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

გია მურღულია, სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორი: „მასწავლებლისთვის ფულის შეგროვება, პირდაპირ ეწინააღმდეგება ზნეობის პრინციპებს და პედაგოგიკის ძირეულ პრინციპებს.”

მსგავს პრობლემებზე ინფორმაციას არასამთავრობო სექტორიც ფლობს. როგორც ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” დამფუძნებელმა მეგი კავთუაშვილმამედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, „პროფესიული ეთიკის კოდექსით“, მასწავლებელს უფლება არ აქვს მატერიალურ ურთიერთობაში შევიდნენ თავიანთ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.

“ეთიკის კოდექსს უნდა ამყარებდეს სკოლის შინაგანაწესი, სადაც კოლექტიური საჩუქრების მიღება მკაფიოდ უნდა იკრძალებოდეს. ამ მუხლს უნდა მოსდევდეს ის დისციპლინური სახდელი, რომელიც მასწავლებელს კოლექტიური საჩუქრის აღების შემთხვევაში დაეკისრება. თუმცა, ეს საკითხი ბევრ სკოლას გაწერილი არ აქვს და ვისაც აქვს, იქაც მოიკოჭლებს აღსრულება. პრობლემას ისიც ქმნის, რომ მშობლების დიდ ნაწილს ნორმად მიაჩნია წელიწადში ორ-სამჯერ მასწავლებლისთვის ფულის შეგროვება. ახალ წელს, 8 მარტს და დაბადების დღეზე. როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე მშობელი გამოთქვამს საწინააღმდეგო მოსაზრებას, ან ვერ გამოთქვამს, იმის გამო, რომ ერთი მხრივ, ბავშვის გარიყვის და ჩაგვრის რისკი არსებობს და მეორეს მხრივ – მშობლის. რაც არც ისე კარგ მდგომარეობაში აგდებს კოლექტიური აზროვნების მოწინაღმდეგე ინდივიდს,”- აცხადებს მეგი კავთუაშვილი.

მისივე შეფასებით, პრობლემა იმ შემთხვევაში მოგვარდება, თუ სკოლა და მშობლები საკითხს ღიად განიხილავენ და მის დადებით და უარყოფით მხარეებს აღიარებენ. პრობლემა საჩუქარი კი არ არის, პრობლემაა კოლექტიური საჩუქარი და კოლექტიური აზროვნება.

P.S. ბუნებრივია, აღნიშნული პრობლემა მასიურად, ყველა სკოლას არ ეხება, თუმცა, ზოგადად, საკითხი აქტუალურია და პრობლემად რჩება.

 

მსგავსი თემები