სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავეს

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მაღალჩინოსანი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე სამმართველოს უფროსმა, ბექა ჯიჭონიამ განაცხადა, თბილისისა და გორის 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ იყიდებოდა ფსიქოტროპული საშუალებები. ამ აფთიაქების მფლობელები, მატერიალური სარგებლის მისაღებად უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ. კერძოდ, სამედიცინო კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია უნებართვოდ, რეცეპტის გარეშე ხორციელდებოდა, რითაც აღნიშნული პირები დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. სამინისტროს მაღალჩინოსანი, გია თვალავაძე კი, ბოროტად იყენებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და არ ახდენდა რეაგირებას იმ შეტყობინებებზე, რომლებიც აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით „ცხელ ხაზზე“ შედიოდა.

ბექა ჯიჭონიას ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 20 პირი, რომელთა მიერ ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 4 094 709 ლარი შეადგინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამო თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთად ითვალისწინებს.

მსგავსი თემები