საარჩევნო სიიდან 8 000-მდე გარდაცვლილი პირი ამოიღეს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ქვეყანაში არსებულ 3 558 437 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები გადასცა. დღეისათვის 3 000 000-მდე მოქალაქე აღჭურვილია ბიომეტრიული დოკუმენტებით და სიიდან 8 000-მდე გარდაცვლილი პირია ამოღებული.

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე აცხადებს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ამომრჩეველთა ყველაზე ზუსტი და გამჭვირვალე ერთიანი სია. 2014 წლიდან სია არის ბიომეტრიული მონაცემებით აღჭურვილი, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის მონაცემის პარალელურად იგზავნება ბიომეტრიული ფოტოსურათი, რაც უბანზე გამორიცხავს ე.წ. კარუსელს.

თავის მხრივ, ცესკო-ში აცხადებენ, რომ სიას დამუშავება სჭირდება და ეს არაა საბოლოო მონაცემები. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებულ მონაცემები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დამუშავდება ცესკო-ში და საბოლოო მონაცემები გახდება ცნობილი.

“ეს არაა ამომრჩეველთა სიის საბოლოო მონაცემები. საბოლოო მონაცემები მაშინ იქნება ცნობილი, რაც კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული სიის ფორმირების მიზნებისთვის”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მსგავსი თემები