სასამართლომ ოქრუაშვილის მოთხოვნა, „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე, არ დააკამყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა, „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე, არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს. 

„საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია. კანონით 10 დღის ვადა გვქონდა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა ბრიფინგზე.

ოქრუაშვილის თქმით, სარჩელის ხელახლა შეტანაზე გადაწყვეტილებას ოთხშაბათ საღამოს მიიღებენ.

„ახლა გვაქვს არჩევანი – გავასაჩივროთ ეს განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამაზე იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ. გადაწყვეტილებას ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია ჩვენი განაცხადით რეესტრში წილების გასხვისებაზე აკრძალვა“,- აღნიშნა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 19 ივლისს მიმართა და ტელეკომპანიის ქონების წინასწარ დაყადაღება მოითხოვა, რადგან ოქრუაშვილი აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას „რუსთავი 2“-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

მსგავსი თემები