პარლამენტი, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე სავარაუდოდ, 21 აპრილს იმსჯელებს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს ჩაინიშნება.

“იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. თუ ეს მიმართვა პარლამენტში შემოვიდა 21 აპრილს, არ გამოვრიცხავ, რომ სხდომა 22 აპრილსაც ჩატარდეს, მაგრამ უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ეს იყოს 21 აპრილი”, – განაცხად მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა, ბუნებრივია, მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას.

„დღეს ჩვენ შევდივართ კრიზისულ პერიოდში და ეს პერიოდი უნდა გადავაგოროთ ისეთივე წარმატებით, როგორც ეს წინა კრიზისულ პერიოდებში მოახერხა ხელისუფლებამ, მოახერხეს ექიმებმა და რაც ყველაზე მთავარია, მოახერხა საზოგადოებამ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ახლა საზოგადოება სახელმწიფოს და სახელმწიფო საზოგადოებას მაქსიმალურად გვერდით უნდა დაუდგეს იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ, რაც შეიძლება მინიმალური რისკით გავიაროთ ეს პერიოდი. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ჩვენ ეს რისკები შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დავიყვანეთ და მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები